სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე  რეგისტრირებული აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა

ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე, ჯამში რეგისტრირებული აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განუცხადა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აბიტურიენტების მხრიდან საჩივრები დაწერილი არ არის.

„დასრულდა ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა. ჯამში, ორივე დღეს, გამოცდაზე აბიტურიენტების 96% გამოცხადდა, რაც ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია. პროცესი წარიმართა მშვიდ ვითარებაში, დადებითად. აბიტურიენტები ძირითადად ყველანი კმაყოფილები იყვნენ იმ გარემოთი, რაც ადგილზე დახვდათ. არცერთი საჩივარი არ არის ამ ეტაპზე შემოსული აბიტურიენტების მხრიდან. რაც შეეხება დაგვიანებებს, სტატისტიკა შემცირებულია. ორი შემთხვევა იყო გუშინ და ორი შემთხვევა დღეს“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

გორგოძის თქმით, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი, რომლებსაც თავადაც ესაუბრა, აცხადებენ, რომ მათ ტესტის წერა არ გასჭირვებიათ.

რაც შეეხება ექიმთან მიმართვიანობას, როგორც გორგოძე განმარტავს, ძირითადად ეს არის ღელვით გამოწვეული ჩივილები, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და აბიტურიენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

„რაც შეეხება სასწრაფოს გამოყენებას, საბედნიეროდ, ამის ერთეული შემთხვევები გვაქვს. ძირითადად, ვისთვისაც სასწრაფოს ჩარევა გახდა საჭირო, წინასწარ ვიცოდით, ეს იყო გამოცდამდე გაკეთებული ოპერაციების გამო. როგორც ვიცით, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა თითქმის დაასრულა ნაშრომი და მერე მოხდა მისი ჰოსპიტალიზება. თუმცა, როგორც ვიცი, ყველა აბიტურიენტი, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორში 30 შემთხვევა იყო სასწრაფოს მიმართვის, ეს არ არის სწორი. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი და აბიტურიენტებს შეუძლიათ მიმართონ, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კი დაუბრუნდნენ საგამოცდო პროცესს. სასწრაფოსთვის მიმართვა ეს არ ყოფილა, იყო ექიმთან მიმართვა უმნიშვნელო ჩივილებით“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა