ოპოზიციური პარტიები - ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს წარმოადგენს

პოლიტიკური პარტიები ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ანტიდემოკრატიული მმართველობის მაგალითს წარმოადგენს. პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდოს.

„ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი მემარჯვენეები“; „ახალი საქართველო“; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; „გამარჯვებული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „ევროპული დემოკრატები“; „ევროპული საქართველო“; „ემსახურე საქართველოს“; „თავისუფალი დემოკრატები“; „კანონი და სამართალი“; „ლეიბორისტული პარტია“; „რესპუბლიკური პარტია“; „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“; „სახელმწიფო ხალხისთვის“; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; „ქრისტიან-კონსერვატორები“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა