ეკა ბესელია - როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ახსენებს საგამოძიებო ორგანო, არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციები ჩნდება - გვახსოვს წარსულის ცუდი გამოცდილება

როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ახსენებს საგამოძიებო ორგანო, არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციები ჩნდება რადგან გვახსოვს, როგორც წარსულის ცუდი გამოცდილება და ამავე დროს, ამ მუხლით დაწყებული რამდენიმე გამოძიება, რომლის დასასრული ვერ ვნახეთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პროკურატურის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, 20-21 ივნისს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ საქმეში პროკურატურას მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, რათა პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვები გამოირიცხოს.

„პირველი ემოცია და განცდა, რაც მოდის, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ახსენებს სამართლადამცავი და საგამოძიებო ორგანო, არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციები ჩნდება ხოლმე, იმიტომ, რომ ცუდი გამოცდილება გვახსოვს. გვახსოვს მათ შორის წარსულის ცუდი გამოცდილება და ამავე დროს, ამ მუხლით დაწყებული რამდენიმე გამოძიება, რომლის დასასრული ვერ ვნახეთ. ამ კვალიფიკაციით ძალიან საპასუხისმგებლო იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დაადასტუროს, რომ იმ ქმედებების მიზანი და მოტივი, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს, ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო. თუ ეს მტკიცებულებები გამოძიებას აქვს, რაც საფუძველს აძლევს, რომ ამ კვალიფიკაციით ბრალი წარუდგინოს გარკვეულ პირებს, მაშინ მტკიცებულებებს სჭირდება ძალიან მაღალი სტანდარტი იმისთვის, რომ გამოირიცხოს რაიმე ეჭვი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ეს საფრთხე იქნება, რომ ხომ არ არის ეს მძიმე კვალიფიკაცია გამოყენებული რაიმე პოლიტიკური ინტერესებით, ამიტომ ეს ტესტი უნდა ჩააბაროს პირველ რიგში ხელისუფლებამ და საგამოძიებო ორგანომ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ სამართლიანობაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ასევე ეფექტური იქნება გამოძიება იმ ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც საზოგადოებამაც იხილა.

„თუ ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე, უნდა მოხდეს როგორც ერთ მხარეს პასუხისმგებლობის საკითხის სწორად დაკვალიფიცირება, ასევე მეორე მხარესაც. რა თქმა უნდა პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებები იყო პროვოკაციული და ძალიან სახიფათოც, ამიტომ გამოსაკვლევია ამ მოწოდებებს წინ უსწრებდა თუ არა რაიმე გეგმა ან განზრახვა. მაგრამ მეორეს მხრივ, სადაც ჩვენ აშკარად ვნახეთ ოპერაციის დროს, ძალოვანი უწყებების მხრიდან, ცალკეული პირები როგორ ძალადობდნენ მოქალაქეებზე, როგორ აზიანებდნენ ჯანმრთელობას და მიმართული პლასტიკური ტყვიები ისე, რომ ძალიან საფრთხის შემცველი იყო სიცოცხლისთვის, გვაქვს მძიმე შედეგი, ჯანმრთელობის დაზიანება არაერთ შემთხვევაში. ამაზე გამოძიება რომ იგვიანებს შედეგების თვალსაზრისით და არ ვიცით კონკრეტული პირები, ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც დამიზნებით ესროდნენ აქციის მათ შორის მშვიდობიან მონაწილეებს. პატარა მაკო სადმე შეჭრას ხომ არ აპირებდა? ასეთი პატარ მაკო იქ ბევრი დასახიჩრდა, ამიტომ ამაზე რომ დღემდე პასუხი არაა, სამართლიანობის თვალსაზრისით არც ეს არაა სწორი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გენერალური პროკურატურის მტკიცებით, უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა