სალომე სამადაშვილი  პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ მმართველი გუნდის დადგენილების პროექტს თავხედურს უწოდებს

„ქართული ოცნება” 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას არ აპირებს. ასე რომ იყოს მსგავსი დადგენილების პროექტს პარლამენტში არ წარადგენდა. პარლამენტი აპირებს ინდულიგენცია გასცეს, რომ არაფერი მომხდარა და არავის დაურღვევია კანონი გარდა ოპოზიციისა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაუმრავლესობის მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველანაირი გზებით გაამყაროს საკუთარი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ მყარ აზრს - მომხდარზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიღოს “ქართულმა ოცნებამ” და გადააყენოს შს მინისტრი.

“ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ სრული ფრონტით თავდასხმა აქვთ გახსნილი პოლიტიკურ ოპოზიციაზე, რადგან შექმნილი კრიზისი “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა შესაძლებლობად, რომ ოპოზიციას თავს დაესხას და შეავიწროვოს მომავალი არჩევნების მოლოდინში. არაფერი უშველის “ქართულ ოცნებას”. არ ვიცი, მათი რეზოლუციით რას აპირებენ და აპირებენ თუ არა იურიდიულად კიდევ დევნა განახორციელონ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დააჩქარებს ივანიშვილის პოლიტიკური მმართველობის დასასრულს ქვეყანაში, რომელიც უკვე დაწყებულია”, - აცხადებს სამადაშვილი.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტის მერვე პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში შეჭრის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, აღნიშნულს სამადაშვილი თავხედურ განაცხადს უწოდებს. მისი თქმით, „ოცნება“ არაფრის გამოძიებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობამ შეიმუშავა და დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს განაპირობა არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობამ, ვინაიდან სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება".

„მოცემული დადგენილებით გვინდა ხაზი გავუსვათ პრინციპულ მიდგომებს, რომელიც გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას და ვიმედოვნებთ რომ ისინი სწორად იქნება შეფასებული საზოგადოებაში", - აღნიშნა ვოლსკიმ.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული დადგენილება შემდეგია:

საქართველო პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს, რომ:

1. საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია;

2. ხელისუფლების მიერ აზრის, მისი მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი;

3. ხელისუფლებამ 2019 წლის 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;

4. ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს;

5. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;

6. საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით;

7. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

8. ძალადობრივი ქმედებების და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური;

9. ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას;

10. მისასალმებელია საქართველოს სახალხო დამცველის მონაწილეობა მიმდინარე გამოძიების პროცესში, რაც მის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს",- ნათქვამია დადგენილებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს:

საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები;

სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და გამოავლინოს შესაბამისი პირები.

მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა