რუსი ოპოზიციონერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების ვარიანტებზე - ან საქართველო უნდა იქცეს რუსეთის ვასალად, ან რუსეთში უნდა მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები

პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ გნეზდილოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ საქართველომ შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა და „რუსეთის ვასლად“ გადაიქცეს.

როგორც ალექსანდრ გნეზდილოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, არსებობს კიდევ ერთი შანსი, რომ საქართველოსთან რუსეთმა ურთიერთობები დაალაგოს და ეს არის რუსეთში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები.

„ვფიქრობ, რომ აქ არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის ის, რომ საქართველომ, ფაქტობრივად მთლიანად შეაჩეროს ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა თავისი მცდელობა, ნატო-ში შესვლა და ასე შემდეგ ანუ მთლიანად გადაიქცეს რუსეთის ვასალად. მეორე ვარიანტი არის ის, რომ რუსეთში მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, რომლის შედეგადაც კრემლში პრეზიდენტის მხოლოდ გვარი კი არ შეიცვლება, არამედ შეიცვლება ძალაუფლების სისტემაც. ის გახდება ჭეშმარიტად დემოკრატიული, არ იქნება ერთგვარი პრეზიდენტის ვერტიკალი, როცა ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია, იქნება არჩევნები, იქნება არჩეული პარლამენტი, იქნება სხვადასხვა თვალსაზრისი. შემდეგ უკვე იარსებებს იმის შანსი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სხვა მოდელის ფორმირება მოხდეს“,-აცხადებს გნეზდილოვი.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, არის თუ არა საქართველოში ანტირუსული განწყობები, გნეზდილოვი პასუხობს, რომ ძალიან ისურვებდა ეთქვა „არა“.

„იცით, ძალიან ვისურვებდი მეთქვა, რომ არა, მაგრამ ეს ალბათ, არ იქნება სრულად გულწრფელი. ვფიქრობ, რომ ახლა, როცა მოხდა ის, რაც მოხდა, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაუჭრელად რჩება, ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცუდად არიან განწყობილი არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ, არამედ მთლიანი ქვეყნის მიმართაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების მცირერიცხოვანი რაოდენობა თბილისში არსებობს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი არ უტოლდება დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, და ეს მაძლევს იმედს. ამიტომ დიახ, რუსეთის სახელმწიფო საქართველოში მცხოვრებთა ნაწილს არ უყვარს, ალბათ, ძალიან არ უყვარს და მშვენივრად მესმის რატომაც. მაგრამ ამასთანავე, არსებობს ძალიან ცხადი აზრი, რომ რუსეთი და რუსები, რუსეთის სახელმწიფო და პრეზიდენტი პუტინი სხვადასხვაა და ყოველთვის საჭიროა მათი ერთმანეთისგან გაყოფა იმის ცხადი გააზრებით, თუ რასთან გვაქვს საქმე. რუსული პროპაგანდა ცდილობს აჩვენოს, რომ ეს განსხვავება საქართველოში არ არსებობს, რომ სიყვარულის არქონა პუტინისადმი ეს არის სიყვარულის არქონა ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახისა და ყველა რუსის მიმართ. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის და ვხედავ, როგორ თბილად ეპყრობიან ქართველები იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ქვეყანაში ჩამოდიან, როგორ ხვდებიან სტუმრებს და ძალიან ვისურვებდი, რუსეთის საზოგადოებაც ასევე პასუხობდეს მათ“,-აცხადებს გნეზდილოვი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა