გია ვოლსკი - პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ცივილიზაციურ ჩარჩოებს

პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ვოლსკი აცხადებს, რაც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, ბინძური პოლიტიკური პროვოკაციაა.

„ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია - „რუსთავი2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი. ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს», - განაცხადა ვოლსკიმ.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა