ნიკა მელია - ამიერიდან „ქართული ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ შეეძლება, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული

„ამიერიდან „ქართული ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ შეეძლება, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ისაუბრა 10 ივლისის საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობას ასახავს.

„გუშინ საღამოს ალბათ უკვე ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ახალი ვიდეომასალა. 21 დღის შემდეგ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ მათი პროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა, პროპაგანდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ხალხისგან ნებადართულები, ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ „საშვი“ და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად. ეს იმ დროს, როცა აბსოლუტური სიმშვიდე იყო და კორდონის ირგვლივაც არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა-შემოხლა. ამ დროს დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს საათების განმავლობაში, დაახლოებით, დილის 6 საათამდე გაგრძელდა. მხოლოდ ფაქტია, რომ მშვიდობიანი პროტესტის, პატრიოტი ადამიანების, გავრილოვის ქვეყნიდან გამძევებლების, ეროვნული ღირსების დამცველების, თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ უმოწყალო მეთოდებით, რომლებიც ვიხილეთ, მაშინ, როცა არანაირი აუცილებლობა არ იყო და ეს დაიწყო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მადლობა ღმერთს, ეს კადრები გვიან, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ. ეს 40-წუთიანი უწყვეტი ვიდეომასალა იძლევა შესაძლებლობას, რეალობა საბოლოოდ დამტკიცდეს და ამიერიდან „ქართული ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ შეეძლება, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული.

სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი ამ გადმოსახედიდან უფრო ამორალური გახდა, ვიდრე გუშინდელ საღამომდე. „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი არგუმენტი ვერ ექნება, თუმცა უტიფრობას და კადნიერებას ვერაფერი დაუდგება წინ“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ აღარ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის აუცილებლობა არსებობდა.

„შემდეგი გარემოება ნამდვილად მახარებს. დიახაც, შესაძლებელია, ერთ პატიოსან ადამიანს მაინც ეფიქრა, რომ მისი გულწრფელი პროტესტი რაიმე სახით მე პირადად 20 ივნისს დავაზიანე. მიხარია, რომ ამ ადამიანების წინაშე ვარ პირნათელი, ასევე, იმ გულწრფელი ემოციების წინაშე, რომელიც ამოძრავებს ათასობის ახალგაზრდას და არა მხოლოდ და ითხოვს ერთადერთ რამეს - დაისაჯოს ჯალათი გახარია. ჯალათმა გახარიამ მოახერხა და ივანიშვილთან ერთად ხელებაწეულ, მომღიმარ ახალგაზრდებს სახეში დამიზნებით ესროლა, სდია მათ გმირთა მოედნამდე და ცდილობდა, რეალობა გაესაღებინა სხვაგვარად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გაკადნიერდეთ და გუშინდელის მერე მაინც არ დაიწყოთ საუბარი, რომ არსებობდა გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება თვალების დათხრის და ადამიანებზე დევნის გამოცხადება 5-6 საათის განმავლობაში. არავისთვის ნიშნის მოგებას არ ვაპირებ, არც იმ 93 დეპუტატის მიმართ არ მაქვს ამის სურვილი, უბრალოდ მათ მივმართავ - ხართ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის დეპუტატები, „ქართული ოცნების „ უმრავლესობის წევრები. თქვენ ნიკა მელიას გაუკეთეთ არაფრის გამო ეს სამაჯური და არაფრის გამო დააკავეთ 4 ახალგაზრდა. არაფრის გამო, რადგან ეს არ იყო თავდასხმა სპეცრაზმზე, ეს იყო ამ ყველაფრის შემდეგ შეტაკება ანზორ ჩუბინიძის რაზმთან. ისინი იყვნენ რუსეთის ინტერესების დაცვის სამსახურში ჩამდგარი ხალხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი, ჩუბინიძე“, - აღნიშნა მელიამ.

მანვე დასძინა, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებსაც ბადებს ვიდეომასალა.

„ეს ვიდეომასალა უწყვეტია, დაახლოებით 40-წუთიანი და ჩანს მომენტი, სადაც მომიტინგეებს ვაცნობთ, რომ შევდივართ პარლამენტის შენობაში დამთავრებული მომენტამდე, რომ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მომიტინგეებს. დიახაც, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ადრე თუ გვიან გამოძიებამ. ცრემლსადენ გაზს მოჰყვა რეზინის ტყვიები, რამაც ფატალურ შედეგამდე მიიყვანა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სიკვდილს ებრძვის. ჩემი შეფასებით, ეს იყო პირადად ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დარბევა.

ეს ძალიან მძიმე კადრებია ხელისუფლებისთვის, მათი პროპაგანდისტული მანქანა თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა. პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ გახარიამ, არამედ ადრე თუ გვიან უნდა დადგეს მისი და სხვა თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივი საკითხი. თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მან გაიაზროს, რომ მისი შს მინისტრად სავარძელში ჯდომის თითოეული საათი არის ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის. ეს დროის საკითხია, არავის შერჩენია ადამიანების რბევა და არც შერჩება“, - აღნიშნა მელიამ.

იხილეთ ვიდეო

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში