„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2018 წელს ოპოზიციამ თანამდებობის პირები სხდომებზე 21-ჯერ მოიწვია, თუმცა ისინი არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან

IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის საწყის წელს ოპოზიციამ 11-ჯერ, ხოლო 2018 წელს – 21-ჯერ მოიწვია სხდომებზე თანამდებობის პირები, თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან; ფრაქციის სხდომებს ყველაზე მეტჯერ არ დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა: კერძოდ, შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს (2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა, 2018 წელს კი – მხოლოდ 180 კანონპროექტი; ასევე შემცირდა გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა.

„IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 კანონპროექტი, ხოლო საანგარიშო პერიოდში – 11 კანონპროექტი (9 კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები იყვნენ, 2 კანონპროექტის ინიციატორი იყო მთავრობა)გაიზარდა პარლამენტის კომიტეტების მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების მაჩვენებელი (წინა წლებში თუ 15 კომიტეტიდან მხოლოდ 7-ს ჰქონდა პარლამენტის ვებგვერდზე ყოველწლიური სამოქმედო გეგმები განთავსებული, 2018 წელს – უკვე 13 კომიტეტს). ყველაზე აქტიური კვლავ იურიდულ საკითხთა კომიტეტი იყო, რომელმაც 58 სხდომა ჩაატარა, 593 კანონპროექტი განიხილა, 13 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა და კანონპროექტებზე 355 შენიშვნა გამოთქვა; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავეს კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგია; გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე", - აღნიშნა კვლევის წარდგენისას ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.

რაც შეეხება ზედამხედველობის განხორციელებას, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი, რომელითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები; ამავე ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე. როგორც VIII მოწვევის პარლამენტის, ისე IX მოწვევის პარლამენტის პრაქტიკაში ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს მიაღწია. 2018 წელს პარლამენტს სულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის 6 მოთხოვნა წარედგინა. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რაც საზედამხედველო კუთხით სრულიად ახალ პრაქტიკას წარმოადგენს. ჯგუფმა ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შეისწავლა.

ანგარიშის თანახმად, გაიზარდა პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა მთავრობის წევრების და ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ. კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წელს 40 პარლამენტის წევრმა 482 კითხვა დასვა (წინა წლის მაჩვენებელი: 25 პარლამენტის წევრმა – 182 კითხვა);

"ოპოზიცია უფრო აქტიურად იბარებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს ფრაქციის სხდომებზე. IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის საწყის წელს ოპოზიციამ 11 ასეთი მოთხოვნა გაგზავნა, 2018 წელს კი – 21. თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან; ფრაქციის სხდომებს ყველაზე მეტჯერ არ დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია", - განაცხადა საჯაიამ.

კვლევა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა