ანგარიშის თანახმად, 2018 წელს, პარლამენტის წევრების მხრიდან სხდომების 1500 გაცდენა დაფიქსირდა, 16 დეპუტატი კი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა

IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პარლამენტის წევრების მხრიდან 1430 გაცდენა, 2018 წელს კი – 1500 გაცდენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განაცხადა, პარლამენტის 16 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა).

„პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდშიც დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

ამასთან, IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ: ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა)", -აღნიშნა საჯაიამ.

რაც შეეხება ზედამხედველობის განხორციელებას, როგორც საჯაიამ აღნიშნა, მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე რეალური კონტროლის განსახორციელებლად;

გარდა ამისა, საჯაიას თქმით, პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა.

„პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის.

გარდა ამისა, ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც არასრული იყო;

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - განაცხადა საჯაიამ.

ამავე ანგარიშის თანახმად, პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებას, ანგარიშში პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, ელექტრონული პეტიციების დანერგვა და ა.შ.

ამავე ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, წარმოადგენს სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღის“ საკანონმდებლო ინიციატივები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი და ა.შ.

კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წარდგენის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:

პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია;

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი;

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე;

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი;

ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს