ყოფილი ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - ეს აჩვენებს, რომ ცოცხალი დემოკრატიაა, მაგრამ ვხედავ პოლარიზაციასაც - საჭიროა მეტი დიალოგი

საქართველოში ასეთ დემონსტრაციას რომ აქვს ადგილი, ეს აჩვენებს, რომ ცოცხალი დემოკრატიაა, მაგრამ ვხედავ ნამდვილ პოლარიზაციასაც, - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, საჯად კარიმმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, სხვადასხვა მიდგომაა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანამ მიაღწია სხვადასხვა ეტაპს. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელიც მიჰყვება საკუთარ მკაფიოდ განსაზღვრულ ევროპულ გზას, რაც ხალხის ნებაზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გულწრფელად სურს რეფორმების განხორციელება. როდესაც ასეთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნება არსებობს ქვეყანაში, ეს ძირითად ჩარჩოს იძლევა იმისთვის, თუ რა არის საჭირო, რათა მიწოდებული იქნას საჭირო პროგრესი და რეფორმები. ბევრ სხვადასხვა დონეზე საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით, სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმების მიმართულებით, ასევე, კორუფციასთან გამკლავების მხრივ. ამ მიმართულებით საქართველოს მონაცემები საუკეთესო და სწრაფია, რაც დიდ იმედს გვაძლევს“, - განაცხადა კარიმმა.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს მიღწევების აღიარება, თუმცა საქართველო არ უნდა გაჩერდეს და კვლავ წინ უნდა იაროს.

„ხუთი წელი ევროპულ პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. თუ 5 წლის წინ ვიღაც მეტყოდა, რომ ამ დროში ჩვენ ვექნებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე, შეთანხმება ვიზალიბერალიზაციაზე, გულწრფელად რომ ვთქვა, ვუპასუხებდი, რომ ეს მეტისმეტად ამბიციურია და უკან უნდა დავიხიოთ. დღეს იმის თქმის დრო არ არის, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ და მოდით, ახლა უკან უნდა დავიხიოთ - არა, ახლა იმის დროა, მოხდეს კონსოლიდაცია და წავიდეთ წინ“, - აღნიშნა ყოფილმა ევროპარლამენტარმა.

საჯად კარიმი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც. მან კომენტარი გააკეთა საპროტესტო აქციების თემაზე და პროპორციული არჩევნების შემოღებაზე.

„რა თქმა უნდა, მოვლენებს თვალ-ყურს ვადევნებდი ევროპიდან. ორი რამ მაქვს გონებაში: პირველ რიგში, ასეთ დემონსტრაციას რომ აქვს ადგილი, ეს აჩვენებს, რომ საქართველოში დღეს ცოცხალი დემოკრატიაა, მაგრამ ამასთან ერთად, ვხედავ ნამდვილ დანაწევრებასა და პოლარიზაციას. ამის ერთი მხარე, რა თქმა უნდა, ძალიან ჯანსაღი დებატების ნაწილია, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საქართველო არ აღმოაჩენს, რომ ის ხდება მეტისმეტად, ანუ იმდენად პოლარიზებული, რომ საკუთარ განვითარებას ხელი შეუშალოს. ვფიქრობ, ეს ძალიან არაჯანსაღი იქნებოდა. ამიტომ, ამჟამად საჭიროა კომპრომისი და მეტი დიალოგი, ხოლო თუ ეს გაგრძელდება, დემოკრატიაც გააგრძელებს განვითარებას. ე.ი. ორი მხარეა, ერთი დადებითი, ხოლო მეორე - პოტენციურად უარყოფითი, თუმცა ძალიან ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ უკანასკნელ გზას არ გაჰყვება. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, მე პროცესის ნაწილი ვიყავი ბოლო 5 წლის განმავლობაში და ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველომ ხალხის ნებაზე დაყრდნობით პროპორციული არჩევნების გადაწყვეტილება 2020 წლისთვის გადმოიტანეს. ეს ყველაფერი დემოკრატიული განვითარების ნაწილია, ხდება კონსტიტუციური და დემოკრატიული გზით, ამიტომ ამას მივესალმებით“, - განაცხადა კარიმმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა