აუდიტის სამსახურმა შეისწავლა,  რამდენად ეფექტიანია და შეესაბამება თუ არა თანამედროვე სტანდარტებს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა - eSchool

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია და შეესაბამება თუ არა თანამედროვე სტანდარტებს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა - eSchool. აუდიტორული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოიცავს საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრული ინფორმაციის მხოლოდ 50%-ს, რაც გამოწვეულია იმით, რომ eSchool-ის შექმნის პროცესი არათანმიმდევრულია და მასში პროექტის მართვის ძირეული პრინციპები არ არის გათვალისწინებული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა აერთიანებს მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და მთლიანად სკოლის ადმინისტრაციის შესახებ, ასევე ინფორმაციას მოსწავლეთა საერთო რაოდენობასა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა, მოზარდების აკადემიური შედეგები და მათი ჯანმრთელობის ისტორია (მაგალითად, გადატანილი დაავადებები, ჩატარებული აცრები და სხვ.). სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი უკავშირდება eSchool-ის მოდულის − ელექტრონული ჟურნალის (eJournal) ფუნქციონალის გაუმართაობას. ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, eJournal უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა-მართვას, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონულ კონტროლს, შეფასებების ავტომატურ კალკულაციასა და ანგარიშგების წარმოებას. რაც მთავარია, მშობლებს უნდა შეეძლოთ, სკოლაში მისვლის გარეშე, ელექტრონულად ადევნონ თვალყური, როგორ სწავლობენ მათი შვილები ან ესწრებიან თუ არა ისინი გაკვეთილებს.

ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული ჟურნალი 2016 წლიდან საპილოტე რეჟიმში მუშაობს საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-ში (335 საჯარო სკოლა) და როგორც აღმოჩნდა, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს სრულფასოვან კომუნიკაციას სკოლას, მშობელსა და მოსწავლეს შორის, სინამდვილეში ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის და არა მშობლებისთვის. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მშობლებს არა აქვთ წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე და შესაბამისად, არ შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ შვილების ნიშნებს, დავალებებს, დასწრებას, გაცდენებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საპილოტე პროექტს, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხშირად ეთიშებიან პროგრამაში ჩართული სკოლები, რაც აუდიტორების შეფასებით, eJournal მოდულის ფუნქციონალის გაუმართაობას­თან და მასზე წვდომის შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. აუდიტის სამსახურის ანგარიშით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სკოლები ელექტრონული ჟურნალის პრიორიტეტებს ვერ ხედავენ. პირიქით, რამდენიმე საჯარო სკოლამ, რომელმაც ელექტრონული ჟურნალის შესაძლებლობები დაინახა, საკუთარი სახსრებით შეიძინა კერძო სკოლებში კარგად აპრობირებული, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი „სქულბუქი“ და ამით მშობლებს შესაძლებლობა მისცა, ელექტრონულად გაეცნონ შვილების აკადემიურ მოსწრებას და სასკოლო სიახლეებს.

ანგარიშის მიხედვით, კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ინფორმაციული სისტემის მუშაობა შეაფერხა, იყო ის, რომ არ შესრულდა ვალდებულება, რომელიც eSchool-ის მიმართულებით დასაქმებული პერსონალის გადამზადებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. ცნობისთვის, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (eSchool) დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო. ESchool-ის მიზანია, განათლების სექტორიდან (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება) ზუსტი მონაცემების შეგროვება და ერთიან ბაზაში ასახვა. შესაბამისად, სისტემაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა სასწავლო დაწესებულებიდან ცენტრალიზებულად მიღებული ინფორმაცია მოსწავლის სკოლამდელი ასაკიდან − უმაღლესი განათლების ჩათვლით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა