„რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელევიზიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გენერალური პროკურატურას უკვე მიმართა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან იკვეთება უფლებამოსილების გადამეტება და ფინანსური დარღვევები.

ადვოკატის განმარტებით, მათ ტელეკომპანიისგან გადაეცათ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტები, საიდანაც ვლინდება, რომ გარკვეული ფინანსური დარღვევები არსებობს.

ადვოკატის თქმით, მისი მარწმუნებელი ნინო ნიჟარაძე ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება, შესწავლილი იქნას ყველა ის საზიანო გადაწყვეტილება და გარიგება, რაც გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას მოხდა.

მისი თქმით, ცხადი გახდა, რომ შემოსავლის ძირითადი ნაწილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებზე, მათ შორის, ხელშეკრულება გაფორმებულია სხვა "ინტერმედიაზე", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის მიხეილ მშვილდაძე. ადვოკატის თქმით, მშვილდაძე "პროესკო ფროდაქშენის" დამფუძნებელია,"პროესკო ფროდაქშენი" კი,"რუსთავი 2"-ის იურისტთან დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად აფუძნებს ტელეარხ "მესამეს". ყავლაშვილის თქმით, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ გარკვეული თანხების ე.წ. გადაქაჩვა ხდება ამ სხვა სატელევიზიო კომპანიაში.

"ჩემი მარწმუნებელი 2014 წლიდან ფლობს წილს კომპანია "რუსთავი 2"-ში.2014 წლიდან ჩემს მარწმუნებელს არ მიუღია კომპანიიდან არც დივიდენდი, არც რაიმე სახის შემოსავალი. არანაირი ყურადღება არ ყოფილა მის მიმართ გამოჩენილი. გარდა ამისა, ჩემი მარწმუნებელი ითხოვდა თავისი წილის გასხვისებას და ამაზე მას ნებართვა არ მიეცა. პარტნიორების უფლება ბოროტად იმგვარად იქნა გამოყენებული, რომ მან პრაქტიკულად იზარალა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მივმართავთ პროკურატურას.

2014 წლიდან ვითხოვთ ასევე სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, რაც არ მომხდარა. ხოლო, ის დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, იქიდან აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები და ფაქტები. საუბარია 220-ე მუხლზე, რაც ნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედებას, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა. ასევე გახლავთ 182-ე მუხლი, რაც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას, ასევე გახლავთ 205-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს ხელმძღვანელის მიერ სპეციალური უფლებამოსილების იმგვარად ბოროტად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა გარკვეული ქონების გადამალვა“, - განაცხადა ადვოკატმა და რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის "რუსთავი 2"-ის ურთიერთობა "ინტერმედიასთან". იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე კონტრაქტი გაუფორმა "ინტერმედიას". ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება. ეს გააკეთა იმ პერიოდში, როდესაც "ინტერმედიისგან" მეტი შემოსავალი შემოდიოდა და ასეთ პერიოდში კონტრაქტი გაფორმდა კიდევ უფრო დაბალ თანხაზე", - განაცხადა ყავლაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ისინი ელოდებიან 18 ივლისს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"- თან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

"სამწუხაროდ, ნაკლებია მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არსებითად შეცვლის ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ნიჟარაძეს ყველანაირი საშუალება მოესპობა იმისათვის, რომ სამოქალაქო წესით გააგრძელოს დავა კომპანიის პარტნიორებთან და ითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელზეც მას აქვს საუბარი, ასევე მოახდინოს წილის რეალიზაცია, რომლის გაყიდვაც მას უნდოდა და არ მიეცა საშუალება. ამიტომ, პრაქტიკულად საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა რჩება ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ყავლაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით