„თავად იაკობ გოგებაშვილი ამბობს, რომ “დედა ენის” შედგენასა და გაუმჯობესებაზე ათჯერ უფრო მეტ დროს მის დაცვას ანდომებდა. ასე რომ, არ არის გასაკვირი თუ ჩვენს დროშიც სჭირდება დედაენას დაცვა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ “დედა ენის” როგორც ფასეულობის დაცვა, მისი ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი და ეს არის იუნესკოს მოთხოვნაც.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "აი ია"-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული და იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი "დედა ენა" შევა სკოლებში, სადაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვეობაც. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს. ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, განვითარება, თანამედროვე ცოდნა და ამავდროულად უაღრესად დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების და ფასეულობების დაცვა, რასაც წარმოადგენს “დედა ენა” და მისი დაცვა და მოვლა სწორედ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი, რასაც მიუთითებს და ითხოვს იუნესკო და ამ პრინციპს დაეფუძნა კიდეც ჩვენს მიერ მიღებული კანონის მოთხოვნაც“, - განაცხადა გაბუნიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.