ხათუნა გოგორიშვილი - ზაქარია ქუცნაშვილს უფლებამოსილებას ისე უწყვეტენ, რომ ეს ხელისუფლებისთვის რაიმე ახალი პრობლემა არ იყოს

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნებისმიერი არჩევნების, განვითარებული მოვლენების იმდენად ეშინია, რომ ზაქარია ქუცნაშვილს უფლებამოსილებას ისე უწყვეტენ, რომ ეს მათთვის რაიმე ახალი პრობლემა არ იყოს, - ასე ხსნის “ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი იმ ფაქტს, რომ ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისამდე არ მოხდა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და უფლებამოსილების შეწყვეტა არის არა პირადად ქუცნაშვილის, არამედ პარტიის პოლიტსაბჭოს ან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

“ყველას კარგად გვახსოვს მისი თავდაპირველი რეაქციები - მას არ გააჩნდა და არ გააჩნია არანაირი სინანული. ეს ის გადაწყვეტილებაა, რაც მის ნაცვლად მიიღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ერთი თვე გავიდა და საკითხის განხილვა დღეს ხდება. მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისამდე რომ მომხდარიყო, შუალედური არჩევნები ჩატარდებოდა. ახლა იმ საარჩევნო ოლქში, საიდანაც ზაქარია ქუცნაშვილი იყო არჩეული, პარლამენტის შუალედური არჩევნები აღარ ჩატარდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმდენად ეშინია ნებისმიერი არჩევნების, განვითარებული მოვლენების, რომ ქუცნაშვილს უფლებამოსილებას ისე უწყვეტენ, რომ ეს მათთვის რაიმე ახალი პრობლემა არ იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად გავა.

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა