ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი. ამ უფლების მოპოვება დიდი შრომის შედეგია. მადლობა მეუფე ანანიას, რომლია დიდი ძალისხმევის შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც მსგავსი სადოქტორო პროგრამა დამტკიცდა და ნებისმიერი მკვლევრისთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი პირველი გამოშვება დეკანოზი თეოდორე გიგნაძეა, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა აკადემიურ საბჭოზე განაცხადა, სადაც დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა დისერტაცია თემაზე: „საეკლესიო ვითარება და ეკლესიოლოგიური საკითხები „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით“.

როგორც სადოქტორო კვლევის ავტორმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, აღნიშნული თემის აქტუალობას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს. მან სწორედ ამ მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.

გიგნაძის თქმით, მას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე“ დაყრდნობით, შემდგომ საკვლევ თემებად ესახება მონაზვნობის, სულიერი სკოლის, ლიტურგიკული პრაქტიკისა და ოჯახის რაობის ელესიოლოგიური ხედვა და ანალიზი. ასევე, სამომავლოდ, ის სხვა უძველესი ქართული აგიოგრაფიული ტექსტების სამეცნიერო კვლევასაც გეგმავს.

„თემის აქტუალობას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მერჩულის მიერ დაწერილი აგიოგრაფიული თხზულების შესახებ სხვადასხვა ტიპისა და დარგის არაერთი ნაშრომი დაიწერა, არ არსებობს კვლევა, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლ ხანძთელს, როგორც ქრისტეს მღვდელს, მონასტრის წინამძღვარს, ქრისტეს საქმის გამგრძელებელს, ქრისტესა და ცხონების მაძიებელს, სხვათათვის (უპირატესად, მღვდლებისთვის) მაგალითის მიმცემ საეკლესიო მოღვაწეს წარმოაჩენდა. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ის მოღვაწეა, რომელმაც ღვაწლით თავის თავში, ღმერთის ძიების, განღმრთობის მრავალსაუკუნოვანი სკოლა გააცოცხლა. მან ამ გზით, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოებრივ აღორძინებას შეუწყო ხელი. შესასწავლი საკითხის აქტუალობის მეორე მიზეზი თავად დღევანდელი საქართველოს ეკლესიურობას ეხება, რამეთუ სამოცდაათწლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა დაღი დაასვა ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას. ფაქტობრივად, განადგურდა სულიერი ცხოვრების სკოლა, რომელიც, დროის თვალსაზრისით, ეკლესიის სხეულის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდის პროპორციულად ვერ განვითარდა. თვალსაჩინოა სულიერი გამოცდილების დეფიციტი. ამ მდგომარეობის ფონზე არსებითად მნიშვნელოვანია წმინდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი ცხოვრების წესის შესწავლა“, - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემის ირგვლივ კვლევა შესრულებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტში. თემის ხელმძღვანელია დეკანოზი ლევან მათეშვილი.

მათივე ცნობით, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე ნაშრომის შეფასებისას ითქვა, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის კვლევისას ხარისხის მაძიებელმა დეტალურად შეისწავლა თუ როგორ მოახერხა გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კერების დაარსება და აღორძინება, როგორ მოახდინა გავლენა საქართველოს სახელმწიფოებრივ აღორძინებაზე, როგორი იყო მისი მოღვაწეობა ეკლესიოლოგიური და სოტეროლოგიური თვალსაზრისით. აკადემიური საბჭოს წევრების შეფასებით, სამეცნიერო სიახლეს სწორედ ამ კვლევათა ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს.

მეუფე ანანიას განცხადებით, უწმინდესის კურთხევით, დაახლოებით, 18 წლის წინ დაარსებული თეოლოგიის კათედრა დღეს მოქმედებს, როგორც თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტი, სადაც დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თავისი სადოქტორო კვლევა განახორციელა.

„ამ წლების მანძილზე ჩვენ გვყავდა ათასობით სტუდენტი და პედაგოგი. კათედრამ მრავალი წიგნი და ნაშრომი გამოსცა. დღეს კი გაცილებით მაღალ საფეხურზე ავედით - თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრმა სადოქტორო ნაშრომის მომზადება უზრუნველჰყო. პატრიარქის კურთხევით, ცენტრს ევალება აღზარდოს ჩვენი უფლისა და ერისთვის მნიშვნელოვანი პირები, განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მუდამ მხარში გვიდგას. არ შემიძლია მადლიერებით არ გავიხსენო დიდი მეცნიერი, ბატონი ივერი ფრანგიშვილი, რომელიც ჩვენს კათედრას კურირებდა, მის განვითარებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ჩამოჰყავდა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი მეცნიერები. თეოლოგია უდიდესი სამეცნიერო დარგია, რომელსაც მოიცავს უამრავ განშტოებას. მათგან ერთ-ერთი ეკლესიის ისტორიაა. პატრიარქის კურთხევით ჩვენ ვიკვლევთ საქართველოს ეკლესიის ისტორიას, სამართალს, კულტურას, არქიტექტურასა და საგალობლებს“. - განაცხადა მეუფე ანანიამ.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებისა და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების შეფასებით, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სადოქტორო ნაშრომში გაანალიზდა გიორგი მერჩულის მიერ დასმული ეკლესიოლოგიური საკითხები: ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართება, მღვდლობა, მოძღვრობა, ისიხაზმი, ევქარისტია, ესქატოლოგია, რაც ქართულ სამეცნიერო სივრცეში, აგიოგრაფიული ტექსტების მრავალმხრივი ანალიზის მიუხედავად, აქამდე არ გამხდარა სპეციალური შესწავლის საგანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა