არასამთავრობო ორგანიზაციები  „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენები ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს ატლანტიკური საბჭო , მწვანე ალტერნატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა