მამუკა ვასაძე ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - როგორც სტრუქტურა, მე ვიღებ ამ კრიტიკას

ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას დამსახურებულად ვიღებ, როგორც სტრუქტურა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მამუკა ვასაძემ გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოში განაცხადა. აღნიშნულის შესახებ მამუკა ვასაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, დოლიძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მწვავედ არის გაკრიტიკებული საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა და საინტერესოა, მიიღებდა თუ არა ამ კრიტიკას და როგორ უპასუხებდა მას.

"მიიღებთ ამ კრიტიკას, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, როგორც სტრუქტურა მწვავედ ხართ გაკრიტიკებულები", - აღნიშნა დოლიძემ.

„როგორც სტრუქტურა, მე ვიღებ ამ კრიტიკას, დამსახურებულად ვიღებ ამ კრიტიკას. ამის შესახებ ღიად და პირდაპირ ჩემი აზრის დაფიქსირება არ მიჭირს. რთული საქმე იყო, თუმცა სხვადახვა გამოწვევებით ხასიათდებოდა ეს სისხლის სამართლის საქმე. მე რაც მახსენდება, სხვათა შორის, ეს არის იმ საქმეთაგანი, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს სახელმწიფოს ამ კონკრეტული პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იმსჯელა გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე. 2006 წლის ფაქტთან დაკავშირებით პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2015 წელს იქნა მიცემული. ეს არაგონივრული დროა გამოძიებისთვის. არაგონივრული დროა იგივე სწრაფი მართლმსაჯულებისთვის და დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. ამავდროულად, დაემთხვა ისიც, რომ 2015 წლის თებერვალში დავაყენეთ პასუხისმგებლობის საკითხი, იანვარში უკვე მოხდა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მისივე თქმით, ზურა ვაზაგაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში იური ვაზაგაშვილს შეხვდა, რომელსაც გამოძიების მიმართ ნდობა არ ჰქონდა.

"ამ საქმის დაქვემდებარებისთანავე პირველი შეხვედრა მქონდა დაზარალებულთან, იური ვაზაგაშვილთან, რადგან დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო ამ სისხლის სამართლის საქმეზე. არც იმის თქმა მომერიდება, რომ დასაბუთებული უნდობლობა ჰქონდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ამის არგუმენტირებული პასუხის გაცემა მაშინ მე, ვერ შევძელი, თუმცა მქონდა მოლოდინი, გარკვეული დრო მოვითხოვე საქმის შესწავლისთვის, რადგან მასთან კვალიფიციური საუბარი შემძლებოდა", - განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, საქმის გამოძიების დროს დაიკითხნენ ის მოწმეები, რომლებიც ძველი გამოძიების პერიოდში არც იდენტიფიცირებულები იყვნენ და არც გამოკითხულები.

"მიუხედავად ამისა, მაინც დადგინდა პროცესუალური დარღვევა(სტრასბურგის სასამართლოს მიერ), როგორც უწყება ვიღებ ამ პასუხისგებლობას, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამომძიებელი, რომელი პროკურორი ან რომელი სტრუქტურა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ფაქტი სახეზეა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფომ (აქ საუბარი არ არის, რომელ წლამდე ან რომელი წლის შემდგომ პერიოდში იყო და ა.შ.) და პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ჩაეტარებინა სრულყოფილი, სწრაფი გამოძიება და მიეღო შედეგი", - განაცხადა ვასაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა