ჯარჯი აქიმიძე - ოქრუაშვილს  ისე გავუფორმე ჩემი რამდენიმე პროცენტი და მან თავისი წილი ისე გადააფორმა ჩვენს სხვა პარტნიორზე, რომ იგი არც მინახავს

ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაცია არ ყოფილა და მაინცდამაინც არც ვღელავთ ამაზე, ოქრუაშვილს კი ისე გავუფორმე ჩემი რამდენიმე პროცენტი და მან თავისი წილი ისე გადააფორმა ჩვენს სხვა პარტნიორზე, რომ იგი არც მინახავს, - ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ისაუბრა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ და ქიბარ ხალვაშთან დადებულ შეთანხმებაზე.

„ქიბარ ხალვაშთან ბოლო მოვლენების შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არც ვღელავთ ამაზე. ადრე ძირითადი პრესკონფერენცია რომ გავმართეთ, ეს ძალიან ხანგრძლივი საუბრების შედეგი იყო. პირველი ეტაპი იყო, თუ როგორ წარმოედგინა მას ჩვენი ერთობლივი ყოფნა ტელევიზიაში, როგორ წარმოედგინა „რუსთავი 2“-ის განვითარება. ჩვენ 5-პუნქტიანი გეგმაც კი გავაკეთეთ. ეს იყო მიმსგავსებული მოდელი იდეალურთან, როგორც 2004 წლამდე ვცდილობდით, გვემართა „რუსთავი 2“. ამაზე როცა შევჯერდით, გარანტიებზე საუბარი დავიწყეთ და მივედით დასკვნამდე, რომ იქნებოდა პარიტეტი, 50-50-ზე. იქ იყო ის, რომ მენეჯმენტი ჩვენ გვეკუთვნოდა, და 50% პლუს მენეჯმენტი ნიშნავდა საკონტროლო პაკეტს. აქედან გამომდინარე, დავთანხმდით. არაფერი დარღვეულა ჩვენი მხრიდან, რადგან მას მერე გვქონდა ქიბართან რამდენჯერმე მხოლოდ საუბარი, რადგან პროცესის დასრულებამდე რაღაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი? შემდეგ დაიწყო სტრასბურგი და იმის მერე, მით უმეტეს, რა აზრი ჰქონდა საუბარს? პროცესი დასრულდა, მან თავისი სიტყვა თქვა და იმის მერე ველოდებით“, - განაცხადა აქიმიძემ.

მანვე ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც და უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჰქონდა ოქრუაშვილს პირდაპირი კომუნიკაცია აქიმიძესთან და დვალთან და რატომ იყო შუამავალი მათ შორის ჯემალ ინაიშვილი.

„პირადად ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი უცხო ადამიანი იყო და არ ყოფილა მაინცდამაინც მეგობარი, ის უფრო ეროსისთვის იყო შინაური, მან მოიყვანა „ონლაინში“ნომინალურად, 10%-ის პოზიციაზე. იმ დროს ის უბრალო ადვოკატი იყო და მოიყვანა, რადგან კარგი იურისტია და გამოადგება კომპანიასო. მე „ჯორჯია ონლაინში“ ის პირადად არ მინახავს. შეიძლება, ჩემ გარეშე ყოფილა, მაგრამ მე საკმაოდ ხშირად ვიყავი იქ. ისე გავუფორმე მას წილი ჩემი მეგობრების თხოვნით, ჩემი რამდენიმე პროცენტი და ოქრუაშვილმა ისე გადააფორმა ჩვენს სხვა პარტნიორზე, დირექტორზე მერაბ ბუზალაძეზე ის წილი, რაც თავად ოქრუაშვილს ეკუთვნოდა, რომ ოქრუაშვილი არც მინახავს. მერაბ ბუზალაძე არაფერ შუაში არ იყო ოქრუაშვილთან, კომპანიამ ჩათვალა, რომ ის იმსახურებდა წილს, რომლის გამოსყიდვაც მოხდა. მე და დათოს ოქრუაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. მან თავისი წილი „ჯორჯიაში“ დათმო საკმაოდ ძვირად“, - აღნიშნა აქიმიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა