რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან

თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია „სისტრაა“, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის.

რა რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ცენტრალურ გამზირებზე დედაქალაქის მერია, სად იმოძრავებს ავტობუსები ქუჩის შუა ზოლში, რამდენი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური და აიკრძალება თუ არა ქუჩაში პარკინგი, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელს, ასმათ აბესაძეს ესაუბრა.

- რა დავალება მიიღეთ თბილისის მერიისგან, რა იყო თქვენი საკვლევი ობიექტი და კვლევის მიმართულებები?

- ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის თანადამფინანსებელი არის ქალაქ თბილისის მერია. პროექტის განმახორციელებელი ფრანგული კომპანია „სისტრაა“, რომლის პარტნიორი საქართველოში ჩვენი კომპანია SPECTRUM CONSULTING-ია. ჩვენი პროექტი მოიცავს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეორგანიზაციას, კერძოდ ავტობუსების და მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაციას. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა, საუბარია ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე, მხედველობაში მივიღეთ მეტროს არსებული ხაზები, რადგანაც ისინი ერთიანი სატრანსპორტო ქსელის ნაწილია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო მეტროს ქსელი უცვლელი რჩება.

- მაგრამ არის საუბარი მიწისზედა მეტროს ხაზების დამატებაზე...

- დიახ, ეს არის ე.წ. „ელექტრიჩკა“, RER-ის ტიპის სამგზავრო მატარებელი, ოღონდ ეს არ არის ჩვენი პროექტი, ამის მოსამზადებელ საუშაოებს და კვლევას ატარებს კომპანია ILF-ი. მაგრამ ჩვენი საკვლევი არეალის სფეროში მეტროც მოხვდა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ქსელის რეორგანიზაციაზე, რა თქმა უნდა, არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტები უნდა მივიღოთ მხედველობაში იმისთვის, რომ ქსელი სწორად გადალაგდეს. მგზავრს, რომელიც დღეს იყენებს როგორც მეტროს, ასევე მიკროავტობუსს და ავტობუსს, უნდა დავუგეგმოთ მგზავრობა იმგვარად, რომ ერთი გადაჯდომით ან მაქსიმუმ ორი გადაჯდომით სწრაფად და კომფორტულად მივიდეს A-დან B წერტილამდე; გაცილებით კომფორტულად და სწრაფად, ვიდრე ეს ამჟამად ხდება. დღეს ხდება სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზედდება. პარალელურად კი, თბილისში გვაქვს გარეუბნები, სადაც საზოგადოებრვი ტრანსპორტი საერთოდ არ შედის, ან შედის ისე, რომ მგზავრი ვერ იყენებს, რადგან მოცდის დრო ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს ქალაქის მობილობაზე ძალიან მოქმედებს. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, აუცილებელი იყო მგზავრთნაკადი დაგვედგინა და შემდეგ გაკეთებულიყო ქსელის რეორგანიზაცია, რათა ყველაზე დიდი მგზავრთნაკადიანი უბნების მომსახურება განხორციელებულიყო ყველაზე მაღალი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებით და პირიქით, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ნაკლებია, იქ მიკროავტობუსით გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. როდესაც ვსაუბრობ მაღალი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებზე, ვგულისხმობ 18 და 24-მეტრიან ავტობუსებს და სადაც არ არის მგზავრთნაკადი ხშირი, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სიხშირე უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ავტობუსების ტევადობა შეიძლება იყოს ნაკლები ან შესაძლებელია შევუშვათ მიკროავტობუსი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად, მობილურად და კომფორტულად გამოიყვანს მგზავრებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ დავდეთ სამდონიანი სატრანსოპრტო ქსელი. ეს არის 10 ძირითადი დერეფანი (ე.წ. თბილისის ავტობუსების ტრანზიტი TBT), სადაც მგზავრთნაკადი დიდია და გადის თბილისის ყველა ძირითად დიდ ქუჩაზე და გამზირზე - ვაჟა-ფშაველას, პეკინის, მარშალ-გელოვანის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე და სხვა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქალაქის ცენტრზე. 10 დერეფანი მთელ თბილისს მოიცავს. ყველა ამ დიდ გამზირზე და ქუჩაზე ივლის მაღალი ტევადობის ავტობუსები. მეორე დონე არის უბანთაშორისი მიმოსვლა, ე.წ. „ქალაქის ხაზები - City Lines” და მესამე დონე არის შიდა საუბნო გადაადგილება, ე.წ. „საუბნო ხაზები - Local Lines”.

- ანუ შესაძლებელია ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 18 და 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს?

- რა თქმა უნდა. ამისთვის გაკეთდება ინფრასტრუქტურა.

- რის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოგეყვანათ? ქალაქის რელიეფის გათვალისწინებით რთულია ასეთი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

- ავიღოთ ჭავაჭავაძის ან რუსთაველის გამზირი, მგზავრთნაკადები აქ საკმაოდ მაღალია. 10-წუთიანი ინტერვალით, ერთი გაჩერებით ასეთი ავტობუსი ყველა მგზავრს აიყვანს და გაჭედილი მაინც არ იქნება დღის არც ერთ მონაკვეთში. თუმცა, ასეთი ხაზები თუ მიბმული არ არის დანარჩენ მკვებავ ქსელზე, ვერ იმუშავებს. ჩვენთან საუბარია იმაზე, რომ 10 ძირითადი დერეფანი იკვებება ორი დამატებითი ტიპის დერეფნით - უბანთაშორისი მიმოსვლა და უბნის შიგნით მიმოსვლა. მაგალითად, დიდი დიღმიდან გამოვიყვანთ მგზავრებს მიკროავტობუსებით და გადავსვამთ რომელიმე ძირითად დერეფანზე. როგორც აღვნიშნე, გლდანის, დიღმის, ორთაჭალის და სხვა მიმართულებებზე, ყველა დიდ ქუჩაზე ივლის 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. ძირითადი გადასხდომის წერტილები მიბმულია მეტროსადგურებთან, სადაც მულტიმოდალური გადაზიდვის ჰაბები ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, მგზავრისთვის ეს სისტემა კომფორტული იმითაც იქნება, რომ მგზავრობა გაბილეთიანების ერთიან სისტემაში მოექცევა. ანუ ერთხელ გადახდილი თანხით, მგზავრს საშუალება ექნება სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს კონკრეტული დროის განმავლობაში. მგზავრის გადაყვანა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ეს არ ღირს 50 თეთრი, გაცილებით ძვირია. მაგრამ თბილისის მერიის მხრიდან სუბსიდირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაფრის გათვალისწინებით მერიას არ შეუძლია დააწესოს ის ტარიფი, რომელიც მას მგზავრის მომსახურება რეალურად უჯდება. თუკი მგზავრობა ეღირება მაგალითად, ერთი ლარი, ამაში შევა მეტროც, მიკროავტობუსიც და ავტობუსიც. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მერიასა და მიკროავტობუსების კომპანიას შორის.

- რა პერიოდზეა საუბარი და დაახლოებით, საიდან შეიძლება დაიწყოს მგზავრობის ფასი?

- ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ერთჯერადად გადახდილი თანხით საათნახევრის განმავლობაში მგზავრმა შეძლოს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს საკმაოდ დიდი დროა თბილისისთვის, რომ ერთი წერტილიდან მეორემდე მიხვიდე. მერია ახლა დათვლის პროცესშია, რომ დაადგინოს შეწონილი ტარიფი ავტობუსის, მეტროს და მიკროავტობუსის ფასის შერწყმით. თუმცა, შეღავათიანი მგზავრობის მქონე პირებს ეს შეღავათები დარჩებათ და მათ მიკროავტობუსებით გადაადგილებაც შეეძლებათ შეღავათიანი ტარიფით.

- მგზავრობის ტარიფი მინიმუმ 1 ლარი შეიძლება იყოს?

- მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს.

- რაც შეეხება გრძელვადიანი ბარათების გამოყენებას, რამდენხნიანი შეიძლება იყოს ეს ბარათი და დაახლოებით, რა ტარიფები ექნება?

- ბარათები შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი. ერთწლიანი ბარათის საფასური, ალბათ, იქნება ყოველდღიურ მგზავრობაზე გადანაწილებული ყველაზე იაფად ღირებული ბარათი. ყველაზე ძვირი ეღირება ერთჯერადი გავლა. დანარჩენი გავლიდან გამომდინარე, რაც უფრო ბევრ დღეზე გადაიხდი, უფრო დაბალი ტარიფი შეგხვდება. თუმცა ქვედა ზღვარი დაწესდება.

- საათნახევრის გასვლის შემდეგ ისევ იქნება შეღავათიანი საფასური, თუ საწყის თანხას დაუბრუნდება მგზავრობის საფასური?

- იგივე თანხას დაუბრუნდება, რაც თავდაპირველად გადაიხადეთ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ ნაყიდი. თუ ნაყიდი გექნებათ ხანგრძლივვადიანი ბარათი, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ იმგზავრებთ. გავლების რაოდენობა არ დაფიქსირდება. მხოლოდ ბარათი იქნება ვადიანი.

- ქუჩების ახლებურად მოწყობის სისტემაზე რომ გადავიდეთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერისგან მოვისმინეთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე შუა ზოლზე ავტობუსის ხაზი იქნება. კიდევ რომელ ქუჩებზე იქნება ავტობუსის ზოლები შუაში?

- 10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან პროექტს მოაქვს კონკრეტული ქუჩების მოწყობა. მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს. რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს. ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ გაჩერებები იქნება შუაში. ასევე, სიახლე ის არის, რომ ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. მზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს.

- იგეგმება თუ არა ქუჩების გაცალმხრივება ან მოძრაობის მიმართულების შეცვლა?

- ქუჩები აუცილებლად გაცალმხრივდება შიდა ვაკეში. ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა აუცილებლად დარჩება, მაგრამ მარცხენა ასახვევები გაუქმდება. მარცხენა ახვევები იქნება ფალიაშვილის ქუჩიდან.

- კოსტავა - ვარაზისხევი-მელიქიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ბერმუდის სამკუთხედში მოძრაობა ხომ არ შეიცვლება?

- შეიცვლება მხოლოდ ავტობუსებისთვის. ავტობუსს არ მოუწევს კოსტავას ქუჩაზე ჩასვლა, ის ვაკეში მელიქიშვილის ქუჩით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გაივლის. კერძო ავტომობილებისთვის კი ეს მონაკვეთი უცვლელად დარჩება.

- რაც შეეხება ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს, რა ცვლილებები შეეხება?

- ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველაზე სხვადასხვანაირად გვაქვს დალაგებული ძირითადი ქსელი. შუაში იქნება ავტობუსის ზოლები თუ გვერდებზე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაივლის 10 დერეფნიდან ერთ-ერთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით იმოძრავებს. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მხოლოდ ავტობუსის ხაზი მოეწყობა. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იმ პროექტის შედეგად უნდა მივიღოთ, რაზეც ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. წლის ბოლოს, ან გაზაფხულზე, უკვე პროექტირება უნდა დასრულდეს. 2021 წლის ზაფხულში კი, ახალ ქსელზე უნდა გადავიდეთ, მანამდე უნდა მოესწროს როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე შემოვიდეს ყველა ახალი ავტობუსი და განახლდეს მიკროავტობუსების არსებული პარკი.

- თბილისის მიკროავტობუსის კომპანიას ყვითელი „მარშრუტკების“ გამოცვლა 2021 წლამდე მოუწევს?

- რა თქმა უნდა, 2021 წლისთვის ყველაფერი ახალი იქნება.

- სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან შემომავალ ტრანსპორტს რა ცვლილებები შეეხება? ექნებათ თუ არა მათ ქალაქში გადაადგილების უფლება?

- ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში.

- ამ შემთხვევაში მგზავრს შესაძლოა, გაუძვირდეს მგზავრობის საფასური. თუ რუსთავიდან თბილისამდე გადაადგილება დღეს დაახლოებით, 1,50 ლარი ღირს, ამას დაემატება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურიც. როგორ აპირებთ ამ საკითხის დარეგულირებას ისე, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაიზარდოს?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის. სამწუხაროდ, თბილისის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამაზე ზემოქმედების ბერკეტები, რადგან ეს არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულირების სფერო.

- მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების კუთხით ურთულესი მგომარეობაა და გვინდა ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქვს თუ არა თბილისის მერიას უფლება, გაუმართავი საზოგადოებრვი ტრანსპორტი არ შემოუშვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე?

- არ მგონია, მერიას ამგვარი საკანონმდებლო ბერკეტი ჰქონდეს, ამას ტექდათვალიერება თუ დაარეგულირებს. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი მოძრაობა დადგენილი წესების მიხედვით მოხდეს.

- ზონალურ საათობრივ პარკირებაზეც უნდა გკითხოთ. ვიცით, რომ 1-ელი აგვისტოდან საპილოტე რეჟიმში იწყება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პაკირება. რა რეკომენდაციები გაქვთ ამ კუთხით და სხვა ქუჩებზე თუ იგეგმება მსგავსი რეგულაციების განხორციელება?

- ეს თბილისის მერიის ძალიან კარგი ინიციატივაა. მთლიანად მხარს ვუჭერთ მას. დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით. გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს. ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს. ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრვი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით.

- რაც შეეხება ე.წ. სტაიანშჩიკების პრობლემას, მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მათთვის თანხის გადახდას და ზოგადადაც, ეს თანხა არსად არ აკუმულირდება. როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- მე ამას პრობლემად არ ვუყურებ. თვითდასაქმებული ადამიანები არიან და მათთვის თანხის გადახდა ნებაყოფლობითია.

- რაც შეეხება დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ხაზის გაკეთებას. რჩება თუ არა დღის წესრიგში ტრამვაის საკითხი?

- უახლოესი 2 წლის განმავლობაში ტრამვაიზე საუბარი არ არის, მაგრამ ტრამვაი მე რამდენადაც ვიცი, მერიაში ჯერჯერობით რჩება სასურველ პროექტად. ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ. პირველ რიგში, გადაუდებელი აუცილებლობის საკითხები უნდა მოვაგვაროთ. შემდეგ უკვე, იმ 10 ძირითად დერეფანში არც ტრამვაის გაყვანა იქნება დიდი პრობლემა. თუ გვექნება საშუალება, რომ ტრამვაი გავაკეთოთ, გაკეთდება, მაგრამ 24-მეტრიანი ავტობუსები ტრამვაის არაფრით ჩამორჩება, უბრალოდ, ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.

- ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ რამდენით შემცირდება ავტობუსების ლოდინის დრო?

- 15 წუთზე მეტხანს მგზავრს არ უნდა დასჭირდეს ლოდინი. 6-10 წუთი, მაქსიმუმ 15 უნდა იყოს მოცდის დრო. პიკის საათებში კი, 6 წუთიც შესაძლებელია, შემცირდეს. ინტერვალები დათვლილი გვაქვს როგორც პიკის საათებში, ასევე არა პიკის საათებში. ნახევარსაათიანი და 40-წუთიანი შუალედები მთლიანად ამოგდებულია. შესაძლოა, საცობი იყოს სადმე ქალაქში, მაგრამ ავტობუსი თავის ზოლში გადაადგილებით მაინც მოვა დანიშნულების ადგილზე იმ დროში, რა დროში მოსვლასაც მას ევალება. მას საცობი არ შეეხება.

- როგორც ვიცით, საცობების თავიდან ასარიდებლად იგეგმება დედაქალაში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამატება. დაახლოებით, რა რაოდენობაზეა საუბარი?

- რა თქმა უნდა, დაემატება „ჭკვიანი შუქნიშნების“ რაოდენობა. მაგალითად, ჭავჭავაძეზე 6 გაჩერება გვექნება და ყველა გაჩერებაზე იქნება „ჭკვიანი შუქნიშანი“, რომ მგზავრმა ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ქუჩაზე გადასვლა შეძლოს. შუქნიშნების რაოდენობა ქალაქში გაიზრდება. თუმცა, თუ აქამდე შუქნიშნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ახლა ერთ მართვის ერთიან სისტემაში ჩაერთვებიან და ავტომანქანების და მგზავრების ნაკადზე იქნება მისი მოქმედება დამოკიდებული.

- რაც შეეხება მეტროს, სარემონტო სამუშაოების გამო, გაზრდილია მოცდის დრო, რაც მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. პროცესის დასრულების შემდეგ, რამდენი იქნება მოცდის დრო?

- ეს თბილისის ავტობუსების კომპანიას უნდა ვკითხოთ, ჩვენი მოსაზრებით, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალები უნდა გაკეთდეს, თუმცა, მეტროს რეაბილიტაციას უნდა დაველოდოთ. 3 წუთი არის საშუალო ინტერვალი, არა პიკის საათებში კი მოცდის დრო შესაძლოა, 5 წუთამდე გაიზარდოს.

- თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქში 12 ახალი საბაგირო შეიძლება გაკეთდეს. მათ შორის, ეს საბაგიროები შესაძლებელია გამოყენებული იყოს მგზავრების გადაყვანისთვისაც. თქვენ თუ გაქვთ რეკომენდაციები ამ მიმართულებით თბილისის მერიისთვის?

- „სისტრას“ აქვს გაკეთებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. როგორც ვიცი, მერიას ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობა დაგეგმილი აქვს, პირველ რიგში მგზავრთა გადაყვანის კუთხით. საინტერესოა ვაზისუბანი - სამგორის საბაგიროს აღდგენა, რომელიც შეიძლება დაგრძელდეს ზღვის უბნამდე. მერია ამაზე მუშაობს. საბაგიროებიც მიბმული იქნება გადასხდომის წერტილებთან. ასევე საბაგირო შესაძლოა მოექცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან გადახდის სისტემაში.

- ველობილიკებიც აქტუალური თემაა თბილისის მერიისთვის. ამ მიმართულებით რა რეკომენდაცია გაქვთ და რომელ ქუჩებზე იგეგმება განთავსება?

- ველობილიკები ჭავჭავაძეზე აუცილებლად იქნება, მერე ის შეუერთდება ბაგების საერთო საცხოვრებელს, მელიქიშვილის ქუჩას, თამარაშვილს და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, უნივერსიტეტებში ველოსიპედით მივიდნენ. ასევე შესაძლებელია, გაკეთდეს ველობილიკი ყაზბეგის გამზირზე. მერიის ამოცანაა, ველობილიკები ამოგლეჯილად არ იყოს, ერთი ქუჩიდან მეორეს დაუკავშირდეს და ერთიანი ქსელი შეიქმნას.

- თქვენი პროექტის ერთ-ერთი მიმართულება თბილისში ხიდებისა და ესტაკადების კვლევაც არის. არის თუ არა დედაქალაქში ხიდების და ესტაკადების დამატების საჭიროება?

- მარშალ გელოვანზე გაკეთდება ესტაკადა, „ვეფხი და მოყმესთან“ ჩამოსასვლელად. ასევე ხიდი იქნება სამტრედიის ქუჩაზეც, რომელსაც მარშალ გელოვანის კვანძი მიუერთდება. ასევე გვექნება საინტერესო ესტაკადებიც. ესტაკადა აუცილებლად იქნება ცოტნე დადიანის გამზირის ქალაქისთვის დასაკავშირებლად, რომელიც დღეს ძალიან გართულებულია. ვფიქრობთ, თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ ეს ესტაკადა გაკეთდეს. ეს გაუხმოვანებელი დეტალებია, მაგრამ კვანძი აუცილებლად მოეწყობა. ამაზე ვმუშაობთ. ქალაქს ხიდები აკლია, არ არის საკმარისი რაოდენობით და ამ ხიდებს მერია აუცილებლად დაგვიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

- შეჯამება რომ გავაკეთოთ, როდის დასრულდება ინფრასტრუქტურის მოწყობა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და როდის გადავალთ ახალ სისტემაზე?

- 2021 წლის ზაფხულში, ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში ახალ ქსელზე გადავერთვებით. ჩვენ კვლევას ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ და გადავცემთ მერიას.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით