ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაზე - „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის მიუღებლობის თაობაზე არის აფხაზეთის მთელი მსოფლიოსგან იზოლირების მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.

მისი თქმით, ეს არ გამოვა.

„ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“, - აღნიშნავს დაურ კოვე.

„ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას,“ - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია.

ამასთან, საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარტები,” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის საჰაერო ზონა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო