მამუკა ხაზარაძის ფაქტობრივად დაჭერითა და მისი ამ სივრციდან გაძევებით უნდათ, ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაითრიოს და მერე ვისაც მისცემენ, ძალიან კარგად ვიცით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გოცირიძის თქმით, მთავრობისგან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ცუდი სიგნალები ისმის“. დეპუტატი ფიქრობს, რომ ახლა მსჯელობა იმის თაობაზე, ანაკლიის პორტი კარგია თუ ცუდი, სასაცილოა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტი შესაძლოა, ცუდი ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს, რადგან პორტი დასავლეთთან დაახლოების და ქვეყნის უსაფრთხოების საშუალებაა.
„მთავრობის და ყოფილი მთავრობის წევრებისგან მოდის აბსურდული განცხადებები, რომ თურმე ანაკლიის პროექტს კომერციული რისკები აქვს, თურმე ახლა გაიგეს, რომ ანაკლიის პროექტს რაღაც ჭირს. ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოირჩევა სასაცილო განცხადებებით, მან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს ან კერძო ააშენებს ან სახელმწიფო. შემოგვაპარეს სახელმწიფო პორტის იდეა. ანუ, ჩვენ უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტიდან ფული და სახელმწიფომ ააშენოს ანაკლიის პორტი და სახელმწიფო ჩინოვნიკების გვარი და სახელი ექვსი თვის შემდეგ არავის ეცოდინება. სახელმწიფოს აშენებულს რომ ჩინოვნიკები იპარავენ, ეს ძალიან კარგად ვიცით“,- აცხადებს გოცირიძე.