ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2019

რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები

დემეტრაშვილმა განსაზღვრა ვისთან არ შექმნის კოალიციურ მთავრობას “ოცნება”

“ოცნების” რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები შეიძლება დააკავონ - პროკურატურა კვლავ გააქტიურდა

* * *

რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები

“მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდს იწყებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის და მესამე სექტორის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი მუხლების ჩადებას გეგმავს, რაც პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მათი თქმით, იგეგმება საარჩევნო სისტემაში ცვლილებები, რომელიც განსხვავებული აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. საუბარია სარეკლამო ვიდეო რგოლებში ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას დიქტატის ქვეშ განსაზღვრავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები / “მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამის შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ, ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ”.

“მესამე სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციის მსგავსად მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი კრიტიკის მიზეზად საარჩევნო რეკლამების შინაარსის რეგულაციას ასახელებენ, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. ასევე მათთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში პარტიის დაფინანსება გაიზრდება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას; პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება - კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს”. მისივე თქმით, “უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის თავმჯდომაარის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა ისეთი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულად წინა არჩევნებზე რაც კი მათ პრობლემის სახით ჰქონდა ოპოზიციისგან. ამიტომ, დასხდნენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ეს პრობლემები და ხვრელები ამოავსეს, რომელიც ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს. მათი აზრით, ახლა ხელისუფლებამ ბევრად უფრო დამძიმებული საარჩევნო გარემო შესთავაზა”, - განაგრძობს გამოცემა.

“დაფინანსება, სარეკლამო დრო, ცესკოს დაკომპლექტების წესი - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში დეპუტატი ეკა ბესელია პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმგვარად დაკომპლექტდეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იყვნენ დომინანტები. “ძალიან პრინციპული საკითხია, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდეს სრული დომინანტი და იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ძალები, იმისთვის, რომ დემოკრატიული გარემო მივიღოთ. ამ პაკეტში არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებას საერთოდ ცდება და საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო აუარესებს. არ არის ბლოკებთან დაკავშირებით ჩანაწერი. რამდენიმე პრინციპული რეკომენდაციაა, რომელიც აქვს ეუთოს ოდირს და ევროსაბჭოს და ამ რეკომენდაციების გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ბესელია. მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარტიების დაფინანსების წესშიც. თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსებას მიღებული პროცენტული მაჩვენებლით იღებდა. ახალი წესით, ახლა დაფინანსება იმ ხმების რაოდენობით განისაზღვრება, რომელსაც პარტია არჩევნებში მიიღებს. საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საარჩევნო სისტემის ცვლიილებაში ის არის, რომ სიძულვილის ენის განმარტების გარეშე, ასეთი შეზღუდვის შემოტანა საფრთხეს სიტყვის თავისუფლებას უქმნის”, - დასძენს გამოცემა.

“პრობლემური ცვლილებაა განსხვავებით დაფინანსებისაგან, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. ვხედავთ დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე აკრძალვის შემოტანის შემთხვევაში, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე. გარდა ამისა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც 30% განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში დაფინანსებაზეა მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან სალაძე.

“არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი კი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა. მისი აზრით, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ მედიაორგანიზაციებსაც. “ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით, აქ საუბარია, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ”, - ამბობს ნატროშვილი, რომლის თქმით, მედიაორგანიზაციები თუ ამ კანონს დაარღვევენ, ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ”, - წერს სტატიის ავტორი.

დემეტრაშვილმა განსაზღვრა ვისთან არ შექმნის კოალიციურ მთავრობას “ოცნება”

“პროპორიციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება აწყობს მცირე პარტიებს, მათ უნდათ, რომ თავისი ხმა ჰქონდეთ პარლამენტში; თუ თეორიას გამოვიყენებთ, მიაწოდონ პარლამენტს ხალხის ხმა. ამ სისტემით არჩევნების ჩატარება კარგია იმითაც, რომ პარლამენტი პლურალისტური გახდეს, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან უარყოფითად ვაფასებ ცვლილებას, რომლის თანახმადაც პარტიების რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით” - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პროექტს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დემეტრაშვილმა განსაზღვრა ვისთან არ შექმნის კოალიციურ მთავრობას “ოცნება”.

“ცნობისთვის, პროექტის თანახმად შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას. მოხდება საეთერო დროის თანაბრად განაწილება პოლიტიკურ პარტიებზე, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება ისე, რომ ოპოზიციას გარნატირებულად მეტი ადგილი ექნება, ვიდრე მმართველ პარტიას. ასევე, მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერა იქნება საჭირო იმისთვის, რომ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და სხვა. როგორც მმარველ გუნდში აცხადებენ, ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობაზე უარის თქმას. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ეხება, მიზნად “გაერთიანებული ოპოზიციის” დაშლას ისახავს და აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ტყულიად ნუ წვალობენ, რაც არ უნდა ჩაწერონ კანონში “გაერთიანებულ ოპოზიციას” ვერ დაშლიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება აწყობს მცირე პარტიებს, მათ უნდათ, რომ თავისი ხმა ჰქონდეთ პარლამენტში; თუ თეორიას გავყვებით, მიაწოდონ პარლამენტს ხალხის ხმა. ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას გამართლება იმითაც აქვს, რომ პარლამენტი პლურალისტური გახდეს და შესრულდება ეუთოს რეკომენდაციები, გვქონდეს ახალი საარჩევნო სისტემა. პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა დადებითი მოვლენაა, თუმცა, აქვს უარყოფითი მხარეც, შეიძლება პარლამენტი ქმედუუნარო გახდეს, რადგან ბევრი პარტია შევა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პატარ-პატარა პარტიები გამოიყენოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, რადგან დაიწყება ვაჭრობა; ალბათ ამას უკავშირდება “გაერთიანებული ოპოზიციის” შენიშვნაც, რომ ეს იყოს მმართველი გუნდის სტრატეგიული ხაზი დაშალოს “გაერთიანებული ოპოზიცია”. ანუ მცირე პარტიები, ხმას წაართმევენ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” - “ოცნება” კოალიციურ მთავრობას შექმნის “ნაციონალებისა” და “ევროპული საქართველოს” გარეშე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

“რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ქვედა დონის საარჩევნო კომისიებს, რომლებიც დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ, პოზიტიურად უნდა შეფასდეს არა იმიტომ, რომ ამას ამბობს მმართველი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს კომისიების მუშაობის დროს და ოპოზიციის როლი გააძლიეროს. პარტიების რეგისტრაციას 2020 წლის არჩევნებისთვის 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით ცვლილებას უარყოფითად ვაფასებს. მე ვფიქრობდი, რომ რეგისტრაციისთვის პარტიებს რომლებსაც სჭირდებოდათ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა, უფრო გაზრდილიყო, მაგალითად 50 ათასამდე. ახლა თუ შემცირდება, 15 ათასამდე მაინც უნდა დაეყვანათ, მე ასე ვფიქრობ. დადებითი მომენტია საეთერო დროის სამართლიანად განაწილება პოლიტიკურ პარტიებზე. რამდენადაც ვიცი, ასევე უნდა გადაწყდეს საარჩევნო უბნებზე გაკოტროლების საკითხიც” - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი.

“ოცნების” რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები შეიძლება დააკავონ - პროკურატურა კვლავ გააქტიურდა

“პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა. ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს. მათ წინააღმდეგ პროკურატურის გააქტიურება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექს-პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნების” რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები შეიძლება დააკავონ - პროკურატურა კვლავ გააქტიურდა.

“დააკავებენ თუ არა “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებს, ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია “ალტკომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა “ალტკომმა” ვალდებულებები არ შეასრულა. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ ის მზად არის, გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მასთან პროკურატურას კითხვები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნას, ალავიძე ამბობს რომ მას არ იცნობს. “ერთი წლის წინ ვიყავი დაახლოებით და კითხვები ჰქონდათ და მივაწოდე ეს ინფორმაცია. დეტალებში არ შევალ, ამომწურავად გავეცი ყველაფერზე პასუხი, რაზეც კითხვები იყო და ეს იყო და ეს”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა “რუსთავი 2”-თან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მას ბრალი წაუყენონ ანდა დააკავონ, ზურაბ ალავიძე პასუხობს: “ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, ეს უნდა შეეკითხოთ საგამოძიებო უწყებას. “ალტკომთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კარგად არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია და დეტალები არ ვიცი, არ ვსაუბრობ შესაბამისად”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს, ალავიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებაც მის მინისტრობამდე გაფორმდა, ხოლო კითხვას - ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს შეკითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ალავიძე არ პასუხობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს საქმე არის დაცლილი პოლიტიკური შინაარსისგან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვერანაირი გუნდური კუთვნილება ვერ იქნება ხელის შემშლელი გამოძიებისთვის. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ ის მხარს მხოლოდ სიმართლის გარკვევას დაუჭერს. კაკულია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და რეალურად კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვები გაიფანტოს. “რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც კორუფციას უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად მალე უნდა მოხდეს მისი ან დადასტურება, ან უარყოფა. ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. მაგრამ, თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, აქ პასუხი ერთადერთია, რომ ძალიან მალე უნდა იქნას ეს გამოძიებული”, - აცხადებს რომან კაკულია და დასძენს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა გამონათქვამი გამოძიების თაობაზე, სამწუხაროდ, ტრაფარეტული აღარ იყოს”, - წერს სტატის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა