ხაჯიმბა - სოხუმის აეროპორტის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციას ვამზადებთ, ინვესტორიც გვყავს

ხაჯიმბა - სოხუმის აეროპორტის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციას ვამზადებთ, ინვესტორიც გვყავს

სოხუმის აეროპორტის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციას ვამზადებთ, ინვესტორიც უკვე გვყავს,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის გახსნა რამდენიმე დღეში ვერ მოხდება, თუმცა საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ხშირად მსმენია, რომ აეროპორტის საკითხის წამოწევა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვერავინ იტვის, რომ აეროპორტი 20 დღეში გაიხსნება, თუმცა მიმაჩნია, რომ აეროპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, რაზეც ჩემი წინამორბედები მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს. ვამზადებთ აეროპორტის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციას, უკვე გვყავს ინვესტორიც და რატომ უნდა დავაფრთხოთ ის?“ - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბამ „რუსეთ-აფხაზეთისა და აფხაზეთ-პუტინის ურთიერთობებზეც“ ისაუბრა.

„ჩვენ რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. არაერთი შეხვედრა გაგვიმართავს რუსეთის პრეზიდენტთან და ორმხრივი ურთიერთობები და აფხაზეთში მიმდინარე პროცესები გაგვიხილავს,“ - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კარგად ერკვევა „აფხაზეთში არსებულ სიტუაციასა და საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში“ და აფხაზი ხალხის მიმართ „კეთილგანწყობილია.“