არჩილ თალაკვაძე - ეთნიკური, რელიგიური ან გენდერის ნიშნით ადამიანის მიმართ აგრესია საარჩევნო კამპანიის ამაზე დამყარება უნდა დარეგულირდეს

ადამიანის მიმართ აგრესია და საარჩევნო კამპანიის ამაზე დამყარება უნდა იყოს დარეგულირებული. თუ ვინმე თვლის, რომ ეს არ უნდა იყოს დარეგულირებული, მე პირდაპირ ვთხოვ, რომ ირიბ განცხადებებს კი ნუ გააკეთებენ, არამედ გამობრძანდნენ, ჩაატარონ ბრიფინგები და თქვან, რომ ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „საარჩევნო კოდექსში“ სიძულვილის ენისა და ანტისარეკლამო რგოლების განთავსებასთან დაკავშირებით, შესაძლო ცვლილებაზე საუბრისას განუცხადა.

თალაკვაძემ ოპონენტებს მიმართა, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციებს მოერიდონ, რადგან თუ რა არის ქსენოფობია და სიძულვილის ენა, საერთაშორისო დოკუმენტებში მკაფიოდ არის განსაზღვრული.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ცალსახად პოზიტიური პროცესია, რადგან პოლიტიკური მოლაპარაკებები დაიწყო მრგვალი მაგიდის ფორმატში და მასში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

„რამდენიმე ოპოზიციონერი ოპონენტის შენიშვნები ყურადღებით არის განხილული ამ ფორმატში. ჩვენ ასევე ვნახეთ საკმაოდ არაჯანსაღი სპეკულაციები ზოგიერთი ადამიანის მხრიდან, ვინც თავს დებს ამ სფეროს ექსპერტობაზე. მე ვთხოვ ყველას, რომ პირველ რიგში ნახონ, ქსენოფობიასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაცია არის მოცემული ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ. პრინციპი არის ის, რომ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის გამოყენება საარჩევნო პროცესში უნდა დარეგულირდეს. ეს უნდა დარეგულირდეს არა ისე, როგორც ამას ხედავს ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ექსპერტობაზე დებს თავს, არამედ ისე, როგორც ეს არის მოცემული საერთაშორისო კონვენციებში. კერძოდ: ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, აქ სხვა ინტერპრეტაციებს ნურავინ ნუ გააკეთებს, ვინაიდან, თუ რა არის ქსენოფობია და რა არის სიძულვილის ენა, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო დოკუმენტებში. ეს არის კონკრეტული ნიშნით, კერძოდ: სქესის, რელიგიური, რასის, ეთნიკური ნიშნის საფუძველზე ადამიანის მიმართ აგრესია და კამპანიის ამაზე დამყარება უნდა იყოს დარეგულირებული. თუ ვინმე თვლის, რომ ეს არ უნდა იყოს დარეგულირებული, მე პირდაპირ ვთხოვ, რომ ირიბ განცხადებებს კი ნუ გააკეთებენ თავისი მედიის საშუალებით, არამედ გამობრძანდნენ, ჩაატარონ ბრიფინგები და თქვან, რომ ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს” და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

ამასთან, მედიაექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში, ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა