დავით ბაქრაძე - რუსეთს მოუწევს უკან დახევა, ისევე როგორც ყველა სხვა აგრესორს

საქართველოს არ სჭირდება ომი, ომი არაა ჩვენი არჩევანი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს იქნება მშვიდობიანი ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. ბაქრაძემ ადგილობრივებთან ერთად აქცია გამართა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, აქციის მიზანია ყველამ დაინახოს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

„საქართველო არ შეეგუება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის და წინაპართა მიწის ნაწილი ჰქონდეს ოკუპირებული და წაღებული უცხო სახელმწიფოს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. 2000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იერუსალიმის იდეა. რა თქმა უნდა ჩვენ არ დაგვჭირდება ამდენი ხანი საქართველოს გასამთლიანებლად, მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს, უნდა იცოდეს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, რომ აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. საქართველოს არ სჭირდება ომი, ომი არაა ჩვენი არჩევანი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს იქნება მშვიდობიანი ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისთვის, ქვეყნის გაერთიანებისთვის და საქართველოს თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება დეოკუპაციის გზებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი აცხადებს, რომ მთავარი იარაღი ამ თვალსაზრისით რაც საქართველოს აქვს, საერთაშორისო მხარდაჭერაა.

„მთავარი რესურსი დეოკუპაციის თვალსაზრისით არის ის, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მთელს მსოფლიოსთან ერთად მყარად ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რომ ის რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში, ეს არის უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და რუსეთს მოუწევს უკან დახევა, ისევე როგორც ყველა სხვა აგრესორს. თუ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მსოფლიო პოლიტიკური აზრი ჩვენს მხარეს, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი იქცევა უსამართლოდ და უკანონოდ საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებლად უკანონობას წერტილი დაესმება. ის რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, ოკუპაციის ტერმინის დამკვიდრება, ოკუპაციასთან ბრძოლა, იმის აღნიშვნა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია აგრესორი და საქართველო მსხვერპლი, ეს სიტყვებით თამაში კი არ არის, ეს არის საფუძველი იმის, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, როგორც ოკუპანტი, როგორც მოძალადე, საქართველოდან საერთაშორისო ზეწოლის საშუალებით იქნას გაყვანილი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს