პაატა ზაქარეიშვილი - როგორც სპეციალისტი, ვხედავ, როგორ  ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტების მოგვარებაში, არამარტო ნარატივით და პოლიტიკით, არამედ სახეებით

მე, როგორც სპეციალისტი, ვხედავ, როგორ ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტების მოგვარებაში, არამარტო ნარატივით და პოლიტიკით, არამედ სახეებით, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ზაქარეიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის კონფლიქტები ტაბუირებული თემაა, „რადგან ჩვენ არ გვსურს სიმართლის გაგება“.

„ჩემთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ამაზე საუბარი. საკმარისია არა მითზე მიბმული პოზიცია გამოვხატოთ, რომ მაშინვე ახმაურდება ოპოზიცია, მას თავისი ამოცანა აქვს და სამწუხაროდ, ხელისუფლებას და საზოგადოებას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ოპოზიციის კრიტიკულ დამოკიდებულებას და გულახდილად ვისაუბროთ რა მოხდა 2008 წელს. ეს ტაბუირებული თემაა, ეს არის ყველაზე ცუდი, ჩვენ არ ვიცით სიმართლე და სიმართლე თუ არ ვიცით, შესაბამისად დიაგნოზს სწორად ვერ ვსვამთ. დიაგნოზს თუ ვერ ვსვამთ სწორად, მკურნალობაც ვერ დადგება, ვერ ხდება შერიგება ოსებთან და აფხაზებთან“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მთელი პოლიტიკა საერთაშორისო მეგობრობის თვალში თავის მოწონებაა.

„მთავარი პრობლემა ესაა, რომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა 2008 წელს. ამ სიტუაციის გველეშაპი, რომელიც ამას აზის და აკონტროლებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სინდისზეც არის ის, რაც მოხდა. ის აღიზიანებდა რუსეთს და ესაა მთავარი მომენტი. შეიძლება მას არ დაუწყია ომი და ეს არ არის მთავარი ვინ დაიწყო ომი, მთავარია რატომ მივედით ომამდე, რატომ დავუშვით ომი, როგორ მოხდა რუსეთის აგრესია, ჩვენი წილი არის თუ არა ამაში.

ქართულ მხარეზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ რუსეთზე. სწორია და კარგია, პასუხისმგებლობის 70 პროცენტი არის რუსეთზე, მაგრამ 30 პროცენტი ჩვენზეა და ამაზე არ ვლაპარაკობთ. ესაა მთავარი გაკვეთილი და ეს მაშფოთებს, სიმართლის გაგება არ გვინდა, ვინც კი სიმართლის ლაპარაკს იწყებს, მაშინვე არის რუსეთის აგენტი. ეს ხალხი ჩუმდება, მათ შორის მეც. ამ ჩიხში ვართ და ვერ გამოვდივართ ჩიხიდან, რადგან სიმართლეზე ლაპარაკი არ გვინდა და სიმართლის არარსებობა გვაწუხებს იმიტომ, რომ ვერ გამოვდივართ ამ ჩაკეტილი წრიდან“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება არ ელაპარაკება აფხაზებს და ოსებს, რითაც ხელისუფლება რუსეთს აძლევს ხელს. მისი თქმით, დღეს არსებული პოლიტიკით აფხაზებსა და ოსებს რუსულ მხარეს „ვუყრით“.

„ხელისუფლება შეშინებულია, მას არ სცალია კონფლიქტებისთვის, მისი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება. არჩევნების წინ არამგონია რამე მოხდეს, არჩევნების შემდეგაც თუ ეს კონფიგურაცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დარჩა, ისევ არაფერი შეიცვლება. ანუ, კონფლიქტები გვერდზე რჩება და მე-10, მე-15, მე-20, 30-ე საკითხებად გადავა და გადავა. ტენდენცია არის ისეთი, რომ კონფლიქტებზე არ ვსაუბრობთ, თითქოს თავისით გაიწოვება - არ გაიწოვება, ავადმყოფობა ღრმად არის შესული და საჭიროა მისი სწორი დიაგნოზის დასმა. ხელისუფლების ამოცანაა დღეს კონფლიქტზე საერთოდ არლაპარაკი და მხოლოდ სადღეგრძელოებით საუბარი. მთელი პასუხისმგებლობის გადაცემა რუსეთზე, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ არა ბოლომდე, ჩვენზეც არის პასუხისმგებლობა. არანაირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ისინი ვინ არიან, როცა რუსეთი არის მთავარი დამნაშავე. არადა რაც უფრო არ დაველაპარაკებით აფხაზებს და ოსებს, მით უფრო მივუყრით მათ რუსულ მხარეს. რუსეთი აჟღერებს უკვე აფხაზურ-ოსური მხარის ინტერესებს და არა ჩვენ, ჩვენ უნდა ველაპარაკებოდეთ მათ“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, ქართველების პრობლემა არის ის, რომ მითებში ცხოვრება გვიყვარს.

„ერთმანეთს სიმართლეს გულახდილად ვერ ვეუბნებით. საკმარისია, მიუღებელი ფრაზა გავიგოთ, რომ უცებ ვეძებთ იარლიყებს, რომ ჩამოვკიდოთ ამ ადამიანებს - ეს კრემლის აგენტია და ხალხი უკან იხევს.

ჩვენ ახლა მხოლოდ სასამართლოებში დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება, მე როგორც სპეციალისტი ვხედავ, როგორ ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტების მოგვარებაში, არამარტო ნარატივით და პოლიტიკით, არამედ სახეებით. ჟენევის პროცესში დააბრუნეს ცისკარაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს "ნაცრისფერი კადრინალი" იყო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელად მოიყვანეს რუსლან აბაშიძე, იაკობაშვილის ყოფილი მოადგილე 2008 წელს. სახეები და პოლიტიკა ბრუნდება.“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს