საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს.

მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიაკვლიეს შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს, ასევე, განამარხებულ ცხოველების ძვლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევრებთან ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. ასევე, „ბრინჯაოს მღვიმეში“ გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.

„ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ცუცხვათის მღვიმე წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს