ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია.

როგორც ციხელაშვილმა განმარტა, სამუშაოების დაწყებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება და პროვოკაციულია დღეს, ვინაიდან სამუშაოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის პერიოდში დაიწყო.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, შეჩერებულია! უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იმ ეპიზოდზე, რომელსაც გუგუტიანთკარში სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში, კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოწურულ იქნას ასეთი უკანონო მოქმედებები, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას ან რაიმე დაბრკოლებები შეექმნა, შევისწავლოთ და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გორში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის ომის დროს, არაერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და დაზიანდა, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები გუშინ გამოჩნდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეებმა რკინის ის კონსტრუქციები მოიტანეს, რომელზეც შემდგომში მავთულხლართს ამონტაჟებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მავთულხლართებს მიღმა შესაძლოა, მათი ნაკვეთები აღმოჩნდეს.

„ჩვენი სოფლის პერიმეტრზე წლებია გავლებულია მავთულხლართები, თუმცა ახლა გარკვეული კონსტრუქციები კვლავ მოიტანეს, რის გამოც ვვარაუდობთ, რომ აქამდე არსებულ ე.წ. საზღვარს ამ მონაკვეთზე გადმოსწევენ. ერთ-ერთ რუს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სავარაუდოდ, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხელში რუკაც ეჭირა და სწორედ მას დავუსვით კითხვები, რის გამო გამოჩნდნენ და რა სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებს, ისინი ეთნიკურად ოსი ჯარისკაცები იყვნენ. ამ ტერიტორიაზე სახლების უმრავლესობა გადამწვარია და შესაბამისად, აქ ვეღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ვშიშობთ, ახალი პერიმეტრების და ე.წ. საზღვრის დადგენით, აქ არსებულ მიწის ნაკვეთებზეც არ შეგვეზღუდოს წვდომა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა თინათინ ბიძინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა