აკაკი ზოიძე - არ შეიძლება მივყვეთ აგვისტოს ომის თემაზე დაწესებულ მკაცრ ცენზურას, როდესაც სააკაშვილმა აკრძალა კითხვების დასმა და საკუთარი ქმედებების შეფასება

არ შეიძლება მივყვეთ 11 წლის წინ აგვისტოს ომის თემაზე დაწესებულ მკაცრ ცენზურას, როდესაც სააკაშვილმა აკრძალა კითხვების დასმა და საკუთარი ქმედებების შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ზოიძე აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტო არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, მანამ, სანამ გრძელდება რუსული ოკუპაცია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე პატივი მიმეგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნისათვის მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე. ამიტომ მინდა ამ პოსტით შევუერთდე სრულიად საქართველოს გულისტკივილს.

2008 წლის აგვისტო არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, მანამ სანამ გრძელდება რუსული ოკუპაცია, ასიათასობით ჩვენი თანამემამულე არის მოწყვეტილი თავიანთ სახლებს და წინაპართა საფლავებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ათიათასობით ქართველის ძირითადი უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება, უხეშად ირღვევა თითქმის ყოველდღიურად და უდიდესი ზიანი ადგება მთლიანად ქვეყნის განვითარებას.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ოკუპანტ ქვეყნას - რუსეთს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პირადად ვლადიმერ პუტინს. ამ თემაზე არ არსებობს ორი აზრი საერთაშორისო საზოგადოებაში და მით უმეტეს არ შეიძლება მიმდინარეობდეს დისკუსია ჩვენს ქვეყნაში. დისკუსია, რომელიც ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და რომელიც ინსპირირებულია იმ დესტრუქციული ძალის, მეხუთე კოლონის - “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რომელიც მიუხედავად პროდასავლური რიტორიკისა, ნებსით თუ უნებლიედ მთელი ამ წლების განვლობაში ხელს უწყობდა და უწყობს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციას ჩვენს სამშობლოში“, - წერს აკაკი ზოიძე.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება დავივიწყოთ, ან მივჩქმალოთ ის დანაშაულები, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ჩაიდინა საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე 2008 წლის ომთან დაკავშირებით“.

„ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში, მაგრამ ამის აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ შევაფასოთ და გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და არ დავუშვათ მათი გამეორება. არ შეიძლება დავივიწყოთ, ან მივჩქმალოთ ის დანაშაულები, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ჩაიდინა საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე 2008 წლის ომთან დაკავშირებით. არ შეიძლება მივყვეთ 11 წლის წინ აგვისტოს ომის თემაზე დაწესებულ მკაცრ ცენზურას, როდესაც სააკაშვილმა აკრძალა კითხვების დასმა და საკუთარი ქმედებების შეფასება და შეეცადა ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ სიმართლის ცოდნა აზიანებს დეოკუპაციის პროცესს და საფრთხეს უქმნის გმირ ქართველ სამხედროებს, როდესაც ეს დესტრუქციული ძალა შეეცადა დაემკვიდრებინა აზრი, რომ პრეზიდენტის კრიტიკის გამო დაისჯება ქვეყანა.

ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, რომლის დამკვიდრებასაც დღემდე გააფთრებით ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვილაპარაკოთ ბრძოლის ველზე მიტოვებულ ჯარზე და გმირი ჯარისკაცების ცხედრებზე, მოღალატეობრივად გადაცემულ კოდორის ხეობაზე და სამარცხვინოდ გაქცეულ მხედართმთავარზე, თუ წითელ ხიდზე დამდგარ რიგებზე. ტაბუს ადებენ ამ თემებს და ცინიკურად უწოდებენ "რუსულ ნარატივს" რადგან იციან, რომ მხოლოდ ამ დანაშაულების დავიწყების და მიჩქმალვის შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ითამაშონ თითოეული ქართველისათვის ყველაზე მტკივნეული ოკუპაციის თემით, გააღრმავონ საზოგადოებაში დაპირისპირება ამ თემის გამოყენებით და ხელმეორედ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება ერთმანეთისადმი სიძულვილით და დაპირისპირებით ვერ მიიღწევა! მთელი ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია ერთიან საქართველოზე ფიქრიც კი. სწორედ ამიტომ ეს დღე უნდა იქცეს ჩვენს საზოგადოებაში თანხმობის, ერთიანი ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბების საწყისად, რისთვისაც ბოლო უნდა მოეღოს ამ ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებს და პოლიტიკური საყრდენი გამოეცალოს იმ ძალას, რომელიც მხოლოდ დაპირისპირებას და სიძულვილს ქადაგებს და ამკვიდრებს“, - წერს ზოიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა