ვანო მაჭავარიანი - რუსეთის პროპაგანდისტულ ომს ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიურად ვიხილავთ 2020 წლამდე

რუსეთი ახორციელებს ძალიან კარგად გამიზნულ პროპაგანდისტულ ომს ჩვენს წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ უფრო აქტიურად ვიხილავთ 2020 წლამდე, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები, იქნება ეს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია თუ დონბასში მიმდინარე მოვლენები, მიმართულია საერთო ევროპული და შავი ზღვის უსაფრთხოების წინააღმდეგ.

„რუსეთის საგარეო უწყების განცხადება იმ რიტორიკის გამეორებაა, რომელიც 2008 წლიდან ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვესმის. აგვისტოს ომმა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ და მზარდმა მილიტარიზაციამ ცხადყო, რომ რუსეთის ქმედება არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ზოგადად ევროპული და შავი ზღვის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული. იქნება ეს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, უკრაინის ყირიმის ოკუპაცია, თუ დონბასში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი მიმართულია საერთო ევროპული და შავი ზღვის უსაფრთხოების წინააღმდეგ. რუსეთს თავისი იმპერიული გეგმა აქვს. მას მიაჩნია, რომ შავი ზღვა მისი პირადი მოქმედების არეალია და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვისკენაა მიმართული, რუსეთის გეგმებში არ ზის.

რუსეთი ახორციელებს ძალიან კარგად გამიზნულ პროპაგანდისტულ ომს ჩვენს წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ უფრო აქტიურად ვიხილავთ 2020 წლამდე. მნიშვნელოვანია საქართველო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძალიან გააქტიურდეს, რათა ისევ სერიოზული კრიზისის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, რომელიც როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს 2020 წლის არჩევნებამდე ან არჩევნების დროს,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ასევე, გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ზიზღის გამო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მზად არის აგვისტოს ომის დაწყებაც კი ქართულ მხარეს დააბრალოს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, 7 წლის განმავლობაში აგვისტოს ომით გაუთავებელი სპეკულაცია და იმის კითხვის ქვეშ დაყენება, რომ რუსეთის ღია აგრესია საქართველოს და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, არის უგუნური და არასახელმწიფოებრივი მიდგომა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებები და შეფასებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სრულიად არის ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი უსაფრთხოება და განვითარება. ცხადია, რომ სააკაშვილის პირადი ზიზღის გამო, ისინი მზად არიან აგვისტოს ომის დაწყებაც კი ქართულ მხარეს დააბრალონ. მარტივი მოცემულობაა: რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა არმიით, განახორციელა საქართველოს მოსახლეობის განდევნა, დახოცა ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა და დღესაც ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ რეალურად მოგვარდეს ეს კონფლიქტები. ამის არდანახვა უბრალოდ არის არასახელმწიფოებრივი, უგუნური პოლიტიკა, რომელიც მიაჩნიათ, რომ ერთი მხრივ, მათ სარგებელს მოუტანს და მეორე მხრივ, რუსეთს ასიამოვნებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნონ. ეს არასწორია. ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია გადის ჩვენს სიახლოვესთან აშშ-სთან, დასავლეთთან, რეგიონალურ ქვეყნებთან კეთილმეზობლობაზე. ბოლო წლების განმავლობაში კი ვხედავთ, რომ საქართველო სულ უფრო მეტ საკითხში რჩება რუსეთთან პირისპირ მარტო. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ ესმით, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის დამოუკიდებლობას. 7 წლის განმავლობაში აგვისტოს ომით გაუთავებელი სპეკულაცია და იმის კითხვის ქვეშ დაყენება, რომ რუსეთის ღია აგრესია საქართველოს და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, არის უგუნური და არასახელმწიფოებრივი მიდგომა,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ექსპერტები აფასებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა