VII კლასის მოსწავლეები სასწავლო წელს ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდებიან, ასევე განახლებული წიგნებით ისწავლიან არაქართულენოვან სკოლებში დაწყებით საფეხურზეც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, VII კლასის მოსწავლეებს სექტემბრიდან ყველა საგანში, გარდა რუსული ენისა, ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.
„მე-7 კლასის სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი კლასის რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოს გრიფირება ჩატარდა. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი. ყველა საგანში გვაქვს ახალი სახელმძღვანელო, გარდა რუსულისა, როგორც უცხოური ენისა, რადგან, სამწუხაროდ, კონკურსში ვერც ერთმა ვერ მიიღო გრიფი. მე-7 კლასს, უკვე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მომზადებული ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდებიან მოსწავლეები. არაქართულენოვანი სკოლებისთვის კი ითარგმნა I-VI კლასის სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე. წელს უკვე ყველა არაქართულენოვან სკოლაში დაწყებით საფეხურზე ისწავლის განახლებული სახელმძღვანელოებით. ცოტა ხანში, ალბათ დაახლოებით ერთ თვეში, გამოვაცხადებთ გრიფირების ახალ კონკურსს მე-8 კლასისთვის და უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მე-8 კლასშიც მოსწავლეები განახლებული პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით ისწავლიან. აღნიშნულ პროცესს ასე კლას-კლას მივყვებით. შარშან ახალი პროგრამები დაინერგა I-VI კლასებში, წელს VII კლასში, მომავალ წელს იქნება VIII-ში. ასე ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი სახელმძღვანელოებით ძველი სახელმძღვანელოები“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.