არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში და აშშ-სთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება

საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში და აშშ-სთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩატარებული წვრთნები სწორედ ამას ადასტურებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სულის“ დახურვის ცერემონიაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისათვის თითოეული საერთაშორისო წვრთნა განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთთავსებადობის ზრდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად „მტკიცე სული“ არის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის ურყევი ვალდებულება მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფოს მხრიდან.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი „მტკიცე სული” დაემთხვა საქართველოზე აგრესიული თავდასხმის მეთერთმეტე წლისთავს. მისივე თქმით, განვლილმა ათწლეულმა კარგად დაანახა მსოფლიოს, რომ თავისუფლება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.

„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა პატრიოტთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ათწლეულების მანძილზე საქართველოსთვის დემოკრატიულ განვითარებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, საამაყო ფაქტია, რომ საქართველოს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს მონაწილეებს, მხარდამჭერებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული-2019“ საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი