ლევან იზორია -  ჩვენს მომავალს სწორედ პარტნიორობის სიძლიერეში, ერთობაში ვხედავთ, რომელიც მტკიცე ღირებულებებს ემყარება

მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და ალიანსთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელების, ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მთავარ ფაქტორად საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა დაასახელა. მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული მზადყოფნა ალიანსში გაწევრიანებისთვის მაქსიმალურ პრაქტიკულ მომზადებას ითვალისწინებს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ თავდაცვის სფეროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

„სწორედ სტრატეგიული მზადყოფნის პირობებში, რომლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სტრატეგიული ამოცანის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ვიყოთ მაქსიმალურად პრაქტიკულად მზად გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ - იქნება ეს ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებში ახალი რეზერვის ჩამოყალიბება, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის შესაბამისად, ყველაზე ამბიციური - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და მისი წარმატებით განხორციელება, თუ იქნება ეს ჩვენი შეიარაღების მოდერნიზება და ასევე, ახალი მიდგომების ფილოსოფიების პრინციპების დანერგვა, რომელიც ამოცანით მართვის კონცეფციას უკავშირდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მისწრაფების კონტექსტში ლევან იზორიამ, ნატოს, როგორც მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ისტორიული როლი, ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციაც, პირველ რიგში, მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

„ისტორიული პერსპექტივის ფარგლებში ცხადი ხდება იმის დანახვა, რომ ნატომ შეძლო თავის დროზე დაპირისპირებული ერების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს შესაძლებელი გახდა პარტნიორობითა და ჩვენი ნატოში გაწევრიანების ამბიციაც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება. ყველას გვახარებს ის მიდგომა, რომელიც ნატოს განსაკუთრებით ვარშავის სამიტის შემდეგ აქვს, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს რეგიონული კონტექსტი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია, რომლის რეალიზაციაც ერთობით, მტკიცე ღირებულებების ერთგულებითა და ძლიერი პარტნიორობით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გვესახება.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს