მოსამართლეობის კანდიდატი - როგორც მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან ობიექტური პიროვნებაა

როგორც მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან ობიექტური პიროვნებაა, მას აქვს ძალიან კარგი მოსმენის კულტურა, სხვისი აზრის გაზიარების ძალიან კარგი უნარი, თუ ეს დასაბუთებულია - მას მენეჯერული პოზიცია უკავია, თუმცა არც ერთ მოსამართლეს, თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს სხვა მოსამართლეზე, - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატმა, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

მან უარყოფითად უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, მასთან რაიმე კომუნიკაციას ხომ არ ჰქონია ადგილი ცინცაძის ინსპექტორად დანიშვნის პერიოდში და აღნიშნა, რომ ჩინჩალაძისგან არანაირი შეთავაზება თუ რეკომენდაცია არ ყოფილა.

ასევე, ჯანეზაშვილმა ცინცაძეს დაუსვა შეკითხვები, თუ ერთი მხრივ, რა ისწავლა ცინცაძემ ჩინჩალაძის თანაშემწეობის პერიოდში და მეორე მხრივ, თვლის თუ არა იგი ჩინჩალაძეს გავლენიან პირად სასამართლო სისტემაში.

„მასთან მუშაობის პროცესში მას ეწერებოდა როგორც სამართალდარღვევის საქმეები, ასევე ჩვეულებრივი საქმეები. როგორც მოსამართლე, ჩემი მოსაზრებით ის ძალიან ობიექტური პიროვნებაა, ის ყოველთვის მზად იყო, განსხვავებული შეხედულება, კონკრეტული, დასაბუთებული პოზიცია მოესმინა, მათ შორის მისი თანაშემწისგან. ვმუშაობდი, ვწერდი პროექტებს. თითოეულ საქმესთან მიმართებაში თანაშემწის ფუნქცია შემოსული საქმის წარმოებაში მიღების ვალდებულებაა. ბატონ მიხეილს აქვს ძალიან კარგი მოსმენის კულტურა, სხვისი აზრის გაზიარების ძალიან კარგი უნარი, თუ ეს დასაბუთებულია. ყოფილა შემთხვევები, რომ მოსამართლისთვის გამეზიარებინა ჩემი შეხედულება, თუმცა ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე აწერს. ხშირად თუ პოზიცია დასაბუთებული იყო, მათ შორის მეც თუ სხვა კუთხით შევხედავდი კონკრეტულ საკითხს, შეიძლებოდა, მას ეს გაეზიარებინა. რაც შეეხება გავლენას, მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და გახლდათ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. შესაბამისად, მას მენეჯერული პოზიცია უკავია. რას გულისხმობთ თქვენ გავლენიანში? არც ერთ მოსამართლეს, თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს სხვა მოსამართლეზე, ეს კანონსაწინააღმდეგოა", - აღნიშნა კანდიდატმა.

ქეთევან ცინცაძის თქმით, მას არანაირი მოლოდინი არ აქვს საკუთარი კანდიდატურის წარმატების შესახებ, თუმცა აქვს სურვილი, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო ჯანეზაშვილის საპასუხოდ, თუ ის მოსამართლე გახდება, დაეხმარება თუ არა ამაში მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწეობის გამოცდილება, კანდიდატმა აღნიშნა, რომ არ იცის, ეს როგორ უნდა დაეხმაროს.

„კითხვა კარგად ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეიძლება დამეხმაროს მისი თანაშემწეობა. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე არჩევაში უნდა დამეხმაროს ჩემი გამოცდილება, კომპეტენცია, რაც გასაუბრებაზე წარმოვადგინე და შესაბამისად, საბჭოს წევრებისგან მიღებული ხმები. პიროვნება, რომელიც არ არის საბჭოს წევრი, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მათ შორის პარლამენტის შემთხვევაში, დაეხმაროს ნებისმიერ კანდიდატს კონკრეტულ თანამდებობაზე არჩევაში", - აღნიშნა ცინცაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა