ქეთევან ციხელაშვილი - რაც დღეს ხდება გუგუტიანთკარში, არის მანიფესტი იმისა, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

სოფელ გუგუტიანთკარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავიდა. ქეთი ციხელაშვილი შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
,,რაც შეეხება უკანონო ბარიკადებსა და მავთულხლართებს, ეს არ არის ახალი მოვლენა, რაც დღეს ხდება გუგუტიანთკარში, ეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, არის მანიფესტი იმისა, რომ ძალიან ცოცხალი, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და პროცესი 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო ფაქტობრივად, ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო ასეთი მსხვილი ეპიზოდები. აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე, უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა. ჩემი დღეს აქ ჩამოსვლის მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ მე მოსახლეობას შევხვდი, ვითარება აქ ჩემი თვალით ვნახე. აქ სახელმწიფოს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან, ჩემი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ან ზიანი, რომელიც მოსახლეობას მიადგა, დავადგინოთ და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენ ამ მოსახლეობის გვერდში დგომა.
მათ დღეს ვუთხარი, რომ ისინი აკეთებენ მაქსიმუმს იმით, რომ აქ არიან, ამ მიწაზე მაგრდებიან და ძალიან მედგრად, შეუპოვრად აგრძელებენ ცხოვრებას და თქვენ იცით, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა სოფელს, რომელიც არის მავთულხლართების გასწვრივ, ვეხმარებით და ვცდილობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რაც მათ დაგროვილი ჰქონდათ წინა წლებში, ამ საჭიროებებს ვუპასუხოთ, იქნება ეს გაზი, წყალი თუ სტუდენტების დაფინანსება და ასე შემდეგ. მხარდაჭრა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ამ სოფელში და მიმდებარე სოფლებშცი, სადაც არანაკლები პრობლემებია. სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ მე ვარ დარწმუნებული, ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, პირველ რიგში, ამ ადამიანების გვერდში დგომით და ამ ადამიანების ასეთი შეუპოვრობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები დავშალოთ“, - განაცხადა გუგუტიანთკარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა.

























