საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს, რა არის ოკუპაციის შედეგი და როგორ აუარესებს ის კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას

მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

დარსალიას ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს