დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში პრემიერის დავალებით ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მათი პრობლემებისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ზალკალიანმა მედიასთან განაცხადა, ის გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას ის პრემიერს მიაწვდის.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა განმარტა, მოსახლეობას დახურულ ფორმატში იმიტომ შევხდა, რომ მსგავსი საკითხების პიარული მიზნებისთვის გამოყენება არ უყვარს.

„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო. არ მიყვარს, ასეთი საკითხების გამოყენება სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის. მინდოდა, რომ ამ ადამიანებს ძალიან ღიად და გულწრფელად ეთქვათ თავიანთი სათქმელი. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მადლიერი ვარ მათი, რომ გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მე მათ მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათი თხოვნაც არის, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და გამწვავება.

მე მათ პირობა მივეცი, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. არის გარკვეული პრობლემები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე აქ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებოდი და აუცილებლად გადავცემ მას ამის შესახებ,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ სარწყავი წყლის რეზერვუარი უკანონო საზღვრის მიღმა აღმოჩნდეს, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ მოხდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება, რომ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაზე წვდომა ჰქონდეთ. ამიტომ, რაც კი რესურსია ჩვენ ხელთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სარწყავი წყლით ისარგებლოს. ჩვენ მუდმივად პულსზე გვჭირავს ხელი, რომ აქ არსებული სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს