დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ.

„სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და საქართველოს გატაცებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.

დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა