დავით უსუფაშვილი - როცა ტელევიზია ერთი პოლიტიკური დაჯგუფებიდან მეორე დაჯგუფების ხელში გადადის, ამით საზოგადოება  ვაი-ს გაეყრება და ვუი-ს შეეყრება ხოლმე

როდესაც ტელევიზია ერთი პოლიტიკურ-ფინანსური დაჯგუფებიდან მეორე დაჯგუფების ხელში გადადის, ამით საზოგადოება ვაი-ს გაეყრება და ვუი-ს შეეყრება ხოლმე. ეს ვაი-უშველებელი ტრიალებს “რუსთავი 2”-ის გარშემო მორიგ ჯერზე, - ასე აფასებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

დავით უსუფაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელეკომპანიების დავალიანებაზეც აკეთებს აქცენტს და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“დანარჩენი, ვინ ვის როგორ კვანტს დაუდებს, როდის ვითომ იყიდის და ვითომ გაყიდის, დეტალებია და არ ღირს კომენტარად. ახლა ისაა მნიშვნელოვანი, რომ განვითარდნენ ვინმეს ჯიბეში არმყოფი და ვინმეს მკაცრ ცენზურას არდაქვემდებარებული თავისუფალი ტელევიზიები. ასეთები არსებობენ საქართველოში და ასეთის შექმნის პოტენციალი აქვს „რუსთავი 2“-ის მრავალ ჭირნახული ჟურნალისტების იმ ნაწილსაც, ვისაც საკუთარი თავისუფლება ისევე სწყურია, როგორც ამას ქვეყნისთვის ქადაგებენ.

რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, მე ის უფრო მაინტერესებს, ფინანსთა სამინისტროს რომელი ხელმძღვანელია პასუხგებაში მიცემული „იმედის“, „მაესტროს“, „რუსთავი 2“-ის მიერ ბიუჯეტისთვის არგადახდილი 60 მილიონი ლარისათვის და რა პოლიტიკური მოტივებით იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ცნობისთვის, „რუსთავი2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გუშინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რადგან ტელეკომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა, მას აღარ გაყიდის და არსებული ფინანსური კრიზისის გამკლავებას საკუთარი ძალებით შეეცდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა