ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის სოფელ აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეყვანაზე - ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა

„ეს რეგისტრაცია, რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში, ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მთიანი სოფლის - აიბღას - რუსეთის რეესტრის ბაზაში შეყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

„მას არც საერთაშორისო სამართალი სცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და მით უფრო, არც საქართველოს იურიდიული სივრცე.

რაც შეეხება რეაქციების ნაწილს, ეს თემა აფხაზურ საზოგადოებასა და მედიასივრცეში 2006 წლიდან განიხილება. მათ შორის, 2009 წელს და 2014 წელსაც. აფხაზებს, ამის მიმართ, ბუნებრივია, ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, რადგან რუსეთის ნებისმიერი მანევრი საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთის რეგიონში - სრულიად უკანონოა. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას ცდებიან და ძალიან უხეშად არღვევენ თუნდაც ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს.

ვფიქრობ, ნაბიჯები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია დგამს, სიმბოლურია და ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ საოკუპაციო რეჟიმისათვის ადგილობრივების ინტერესს - საუბარია აფხაზებზე, ქართველებსა თუ ვინმე სხვაზე, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მას საკუთარი სამხედრო თუ პოლიტიკური ინტერესების გატარება სურს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ და ძალიან ბევრ საკითხში, საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, მოვძებნოთ შეხების წერტილები, რადგან საფრთხე, გამოწვევები საერთოა და საუბარს, დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა