არასამთავრობოები ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე - ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის „ტვ პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის - ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

„11 წლის წინანდელ ფაქტზე საეჭვო გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი 2019 წლის 24 ივლისს, მას შემდეგ წაუყენა, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა. მიმდინარე გამოძიების ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული.

შექმნილ ვითარებაში და განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლის - „რუსთავი 2”-ის, გარშემო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას რეალურად მოჰყვა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის „ტვ პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის - ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სავარაუდოდ, ადრეც ჰქონდა ადგილი.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით.

მოვუწოდებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.

ასევე, მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მედია განვითარების ფონდი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა