ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს.
მისი შეფასებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ნებას ვერ გამოხატავს იმ ფონზე, როცა მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისათვის ცხადია, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქართულ საზოგადოებაში, დიდ ნაწილში, არსებობს უკვე მზაობაც და გაცნობიერებაც, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, არსებობს ძალიან კონკრეტული კონტაქტები და დიალოგის სხვადასხვა, თუმცა ასე ვთქვათ, არაფორმალური ფორმატი. მზაობა არაერთხელ გამოგვიცხადებია ამ დიალოგის გაფართოებაზე, აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. აქ, ცხადია, საუბარი არ არის და ვერც მომავალში იქნება რაიმე ე.წ. ფორმალურ რეგალიებზე, მაგრამ დიალოგს, კომუნიკაციას, ალტერნატივა არ აქვს პირველ რიგში, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვები და ინიციატივებიც გვაქვს მშვიდობისთვის. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გარდაუვალი პროცესისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობასა და შერიგებას გულისხმობს“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა დე ფაქტო ცხინვალის განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში ისინი აპირებენ დააყენონ საკითხი ქართველ სამართალდამცველთა ე.წ. პროვოკაციული მოქმედებების თაობაზე. სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ თვეში არაერთი პროვოკაციული ქმედება ვიხილეთ.
„ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ცხადია, ქართულ მხარეს ძალიან ბევრი საკითხი ექნება დასაყენებელი და განსახილველი. მაინც მინდა, დავიტოვო იმედი ჩვენი პარტნიორების დახმარებით, რომ ჩვენ შევძლებთ, ეს მექანიზმი რეალურად გამოვიყენოთ მისი დანიშნულებისამებრ, რათა მოხდეს გარკვეული ინციდენტების პრევენცია და მათზე ადეკვატური რეაგირება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"