„ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის ახალი პორტის მშენებლობაში 250-300 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს

„ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის ახალი პორტის მშენებლობაში 250-300 დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის ტერმინალების რეგიონულმა დირექტორმა, იგორ ვან დენ ესსენმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

იგორ ვან დენ ესსენმა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (ფოთის საზღვაო ნავსადგურის) გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორებმა ფოთის განვითარებისა და გაფართოების გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდგომ „ეიპიემ ტერმინალსის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი „ეი პი მოლერ მაერსკის ჯგუფის“ მიერ ფოთის ახალი პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების მზაობის დადასტურებაა. ასევე, მან ისაუბრა ტვირთის მოცულობასთან დაკავშირებითაც.

„ამ კვირას საქართველოში ვატარებ, თბილისსა და ფოთს ვსტუმრობ. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდოთ ფოთის პორტში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტში. აღნიშნული საკითხის განხილვა ჩვენს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრასთან ერთად ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია. ვეცდებით, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია წავწიოთ ეს პროექტი წინ რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი და ღირებულია „ეიპიემ ტერმინალსისთვის“ და რა თქმა უნდა საქართველოსთვის. ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ ტვირთის მოცულობასთან დაკავშირებით კავკასიის დერეფანში. ვაპირებთ, ფოთის პორტის პროექტში ჩავდოთ ინვესტიცია 250-300 მილიონი დოლარის ფარგლებში, რაც მოსალოდნელი ტვირთების მოცულობისთვის საკმარისი იქნება. ავაშენებთ 700-მეტრიან ნავმისადგომს, რომელიც მოემსახურება დიდი ზომის და მოცულობის სატვირთო გემებს. ნავსადგურს ექნება საშუალება, მოემსახუროს 300 მეტრამდე სიგრძის გემებს 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ორ ნავმისადგომზე. 400-მეტრიანი ნავმისადგომი მოეწყობა ნაყარი, 300 მეტრიანი ნავმისადგომი კი - კონტეინერიზირებული ტვირთებისათვის. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოცფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60,000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტურ მომსახურებას. ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება“, - განაცხადა იგორ ვან დენ ესსენმა.

დირექტორმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ ხედავს სამომავლო პერსპექტივებს, თუ შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტიც აშენდება.

„ამჟამად, ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ საქართველოში ორი პორტი აშენდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ეს ჯანსაღი კონკურენციისა და თანაბარი პირობების ფარგლებში განხორციელდება ყველასთვის, ვისაც პორტის აშენება სურს, ამას მივესალმებით“, - განაცხადა ევროპის ტერმინალების რეგიონულმა დირექტორმა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (ფოთის საზღვაო ნავსადგურის) გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა კი პარტნიორების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეიპიემ ტერმინალსს“ სოლიდური პარტნიორი ჰყავს.

„ჩვენი პარტნიორი ქართული კომპანიაა - „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“, რომელიც ძალიან სერიოზული ჯგუფია, კავკასიაში ლოგისტიკურ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ასევე, კასპიის ზღვის მიღმაც. მათ ბევრი კონტაქტი აქვთ, რათა მოიზიდონ ისეთი ნაყარი ტვირთები, რომლებიც ამჟამად არ მოძრაობენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ასე რომ, ეს სრულიად ახალი ბიზნესია დერეფნისთვის. სხვადასხვა სახეობის ტვირთის მოზიდვას ვცდილობთ, იქნება ეს ნაყარი ტვირთი, სასუქი, მარცვლეული, მადნეული თუ სხვა. რაც შეეხება ბაზრებს, მთავარი ბაზარი ფოთის პორტისთვის ყოველთვის იყო და იქნება კავკასიის რეგიონი, თუმცა ტვირთმფლობელებისთვის გაიზრდება პოტენციური ბაზრები, ველით ტვირთებს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან: ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, და ა.შ“, - აღნიშნა კლაუს ლოურსენმა.

მანვე უპასუხა კითხვას, თუ რა კონტექსტი ჰქონდა მის დაახლოებით, 1 წლის წინანდელ განცხადებას, როდესაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პროექტი არ სჭირდება.

„ეს თემა ბევრჯერ წამოიწია. ის, რაც მაშინ გამოვხატეთ, ახლაც იგივეა და ნიშნავს, რომ შავ ზღვას რეგიონი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. ძალიან დიდი მოცულობის გემებისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს. მაშინაც კი, თუ ტვირთების მოცულობას გავაორმაგებთ, მაინც არ დადგება ამის აუცილებლობა. ასე რომ, ამ განცხადების კონტექსტი ის იყო, თუ რა ვიგულისხმეთ „ღრმაწყლოვან პორტში“. საქართველოს არ სჭირდება რეალური ღრმაწყლოვანი 16-18 მეტრის სიღრმის მქონე ნავსადგური. ჩვენი პორტის პროექტი კი 13,5-14,5 მეტრის სიღრმისაა, რომელიც დაახლოებით 60 000 ტონის ტევადობის გემებს მისცემს ნავსადგურში შემოსვლის საშუალებას და დიდი ხნის განმავლობაში ამაზე დიდ გემებს არ ველოდებით“, - აღნიშნა ლოურსენმა.

„ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, მშენებლობის სავარაუდო პერიოდი 24-30 თვეა და მასში, მეტწილად, ქართული რესურსებისა და სამუშაო ძალის გამოყენებაა დაგეგმილი, რაც დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს ნიშნავს. მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს „ეიპიემ ტერმინალსის“ გამოცდილება და კომპეტენცია მსოფლიოს მასშტაბით დიდი ნავსადგურების მშენებლობაში და ამასთან, აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ხარჯი საქართველოს მთავრობისთვის პრაქტიკულად ნულოვანია.

ურთიერთგაგების მემორანდუმი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ შორის ძალაშია და მოლაპარაკებები აქტიურ, დასკვნით ფაზაშია შესული.

შეგახსენებთ, მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინა 2018 წლის 11 ოქტომბერს, რომლის შესახებაც 2019 წლის 2 მაისს იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე წლის 30 მაისს.

ასევე, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ნავსადგურის გაფართოების წინასწარი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას. ასევე, „აიპიემ ტერმინალს“ გარემოზე ზემოქმედების კვლევის ჩატარებას გეგმავს, რომელზეც ამჟამად ტენდერია გამოცხადებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა