ზვიად ზვიადაძე - ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი მიუღებელია

ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქართული მხარის მიერ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოსური მხარის პროტესტს.

როგორც ზვიადაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ცხინვალის არგუმენტი, რომ ხაშურში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება სწორედ ქართული საგუშაგოს მშენებლობას უკავშირდება.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საკითხი ქართულმა მხარემ ერგნეთში, დღევანდელ შეხვედრაზე დააყენოს.

„რაც შეეხება ჩორჩანას, ალბათ, დღევანდელ შეხვედრაზეც იქნება რაიმე ჩორჩანასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს, ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ", - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

"შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება რა თქმა უნდა, გამახვილდება გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, უკანონო დაკავებებზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და რა თქმა უნდა, იქნება ტატუნაშვილის თემის განხილვა. ამ თემების შესახებ ვისაუბრებთ და არის რა თქმა უნდა, მიმდინარე თემები, რომელზეც გვექნება განხილვა. ველოდებით, რომ შეხვედრა იქნება საკმაოდ კონსტრუქციული და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის“, - განაცხადა ზვიადაძემ.

ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა