ირაკლი ანთაძე - ნებისმიერი ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, წარმოუდგენელია და ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს შეიცავს

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მხრიდან ბლოკ პოსტის აშენების პროცესს უკავშირდება, საქართველო კოორდინაციაში იმყოფება პარტნიორებთან.

„ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს რაც შეეხება, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცალსახად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, არის წარმოუდგენელი, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ვიმეორებ, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა ანთაძემ.

მანვე უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არგუმენტაცია აქვს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხარეს აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით და ხომ არ უკავშირდება ეს „ტალკის" საბადოზე შესაძლო ინტერესს.

„ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ სტანდარტული საპოლიციო პოსტი, სტანდარტული პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით. ძნელია, ვიმსჯელოთ მათ არგუმენტაციაზე. ეს არ დაწყებულა დღეს, რომ ისინი, მათ შორის ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში აქტიურად ავრცელებენ სრულიად გაუგებარ და საფუძველმოკლებულ პრეტენზიებს, ამიტომ აქ მკითხაობა, კონკრეტულად რა სურთ მათ, არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პოსტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ნებისმიერი ბრალდება არის უსაფუძვლო. მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს თავისი პოლიციის პოსტებს. ამ პოსტის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნა სუს-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

მანვე განაცხადა, რომ პერევი-სინაგურის პოსტთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ყველა მონაწილე ინფორმირებული რამდენიმე თვის წინ იყო.

„პერევი-სინაგურის პოსტთან დაკავშირებით ფორმატის ყველა მონაწილე ინფორმირებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისის თვეში. აქ საუბარია მართლაც პოსტის გარკვეული მანძილით გადატანაზე, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული დანიშნულება. პერევის გადასასვლელი საფეხმავლოა და რთული რელიეფური პირობების გამო ადგილობრივ მოსახლეობას უჭირდა ქვეითად გადაადგილება. ამ პოსტის გადატანის შემთხვევაში ეს მანძილი არსებითად შემოკლდება და შესაბამისად, მკვიდრ მოსახლეობას მიეცემა გარკვეული შეღავათი. აი, ეს არის პერევში პოსტის რამდენიმე ასეული მეტრით აწევის მიზანი", - აღნიშნა ანთაძემ.

მანვე ისაუბრა მდგომარეობიდან შესაძლო გამოსავალზე და განაცხადა, რომ გამოსავალი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები პერმანენტულ კონტაქტშია საერთაშორისო პარტნიორებთან.

„გარდა ამისა, ფუნქციონირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ცხელი ხაზი და ჩვენ რეალურ დროში ვახდენთ არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლას, არამედ ინციდენტების პრევენციასაც. გამოსავალია კონსტრუქციული პოზიცია და დიალოგი", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, ერგნეთში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა ჩაიშალა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს