ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააძლიერებს უსაფრთხოებას საქართველოსთან საზღვარზე, თბილისის პროვოკაციებისგან მოქალაქეების დასაცავად

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ გააძლიერებს უსაფრთხოებას საქართველოსთან „საზღვარზე“ თბილისის პროვოკაციებისგან თავისი მოქალაქეების დასაცავად.

როგორც ის აცხადებს, პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სტრუქტურებსაც გაეროსა და ეუთოს სახით. მან ინტერვიუში ისაუბრა წინა კვირაში განხორციელებულ მოვლენებზეც - ბლოკპოსტის მშენებლობასა და კვადროკოპტერის ჩამოგდებაზე.

„სიტუაცია ჯერჯერობით სახელმწიფო საზღვრის სწორედ ამ მონაკვეთზე - სოფელ უისტას (წნელისი) შემოგარენშია დაძაბული. ჩვენი შეფასებით, ეს ცალსახად პროვოკაციაა. პოსტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააყენეს და რუკები, რომლებიც არსებობს, ყველა პერიოდის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, ცალსახად და პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა. ამის დაუნახაობა უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი, საქართველოს რისი მიღწევაც უნდა, ეს სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციაა“, - განუცხადა „იზვესტიას“ ანატოლი ბიბილოვმა.

„ჩვენ თავს მოვუყრით ჩვენს შესაძლებლობებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ამ დასახლებულ პუნქტში და პრინციპში მთლიანად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უზრუნველვყოფთ. მთელი არსი იმაშია, რომ საქართველო, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ამ დაძაბულობის საქართველოს ოკუპაციის პრობლემის წარმოჩენის შესაძლებლობად აღიქვამს. ისინი მუდმივად ამას ამბობენ, თუმცა რეალობა სულ სხვაა. საქართველო ცხოვრობს 30 წლის წინანდელ ისტორიულ რეალობაში და რეგიონში ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური განლაგების შეფასება არ შეუძლია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მტრის ხატის შექმნით და ამ პროვოკაციით უნდა საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან. ბიბილოვის სიტყვებით „სამხრეთ ოსეთის“ მხარეს საკუთარი სიმართლის მტკიცებულებები აქვს და თავის პოზიციას გააცნობენ ეუთოსა და გაეროს, რომლებიც საქართველოსთვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენენ.

იხილეთ ვიდეო: ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააძლიერებს უსაფრთხოებას საქართველოსთან საზღვარზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა