ვახტანგ გომელაური - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ძალიან ბევრი მოქალაქე იღუპება

საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და გზებზე უბედურ შემთხვევებს შეამცირებს.

„მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“.

ზემოაღნიშნულის გარდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება. საგზაო უსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იღუპება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ კომფორტული იყოს მოქალაქისთვისაც და პოლიციელისთვისაც, ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა