ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს, 8 სექტემბერს „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურს გამართავს. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია დაუპირისპირდებიან.
პირველ ტურში, რომელიც 2 კვირის წინ გამართა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 24,84 პროცენტი მიიღო, ალხას კვიწინიამ - 22,91%. მესამე ადგილზე გასული "საპრეზიდენტო" კანდიდატი ოლეგ არშბა, რომელმაც ხმების 20%-ზე მეტი მიიღო, აგრეთვე აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატი, აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ალექსანდრე ანქვაბი მეორე ტურში ალხას კვიწინიას ღიად უჭერენ მხარს.

























