8 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდება. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა.

წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება.

„15 დღის განმავლობაში 40-მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200-კაციან ამფითეატრში და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა. უნიკალური აკუსტიკის მქონე და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზებში საღამოსა და დღის კონცერტები გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა