კახა კოჟორიძე - ანტიკურ პერიოდში, რომის სამართალში იყო პრინციპი, რომ საკუთარი თავის დამნაშავეობა არ შეიძლება გამოიძიოს სავარაუდო ეჭვმიტანილმა - 21-ე საუკუნეში გახარიამ ეს პრინციპი სადავო გახადა

მხოლოდ გახარიამ კი არ უგულებელყო კანონის უზენაესობის პრინციპი, არამედ უგულებელყო საქართველოს პარლამენტმაც, - ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაა შეაფასა და აღნიშნა, რომ სამართლებრივად ეს გამოძიებას, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ხელს არ შეუწყობს.

„ანტიკურ პერიოდში, რომის სამართალში იყო პრინციპი, რომ საკუთარი თავის დამნაშავეობა არ შეიძლება გამოიძიოს იმ ადამიანმა, ვინც სავარაუდოდ ეჭვმიტანილია ამ ბრალში. 21-ე საუკუნეში გახარიამ სადავო გახადა ეს პრინციპი. შეიძლება ვიღაც შემედავოს, რომ ამას პროკურატურა იძიებს, მაგრამ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არასდროს მომხდარა გამონაკლისი, როცა მოქმედ პოლიციელს მიეცეს ჩვენება მოქმედი შს მინისტრის წინააღმდეგ. ალბათობა, რომ დაკითხული პოლიციელებიდან რომელიმეს მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, პრაქტიკულად ნული იყო. როცა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, დასაბუთებული მოთხოვნა იყო მისი თანამდებობიდან გადადგომა, პირიქით, გახარია უფრო მაღალი და გავლენიანი თანამდებობის პირი გახდა. მისი გაპრემიერებით იმ ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფა მოხდა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, მოხდა დემონსტრაციულად ამ პრინციპისთვის ფეხის დაბიჯება. ვის აქვს ილუზია, რომ გაპრემიერებული გახარია ბრალდებულად იქნება ცნობილი პროკურატურის მიერ? ამ გამოძიებას პრაქტიკულად დაუსვეს წერტილი, მისი მოლოდინი არც აქამდე არსებობდა და მით უმეტეს, ახლა“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაძაბულობის ფონი განმუხტულიყო, მისმა დანიშვნამ ალბათ, მეტი დაძაბულობა შემოიტანა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

"ეს სავარაუდოდ, მოახლოებულ 1-წლიან საარჩევნო ციკლს უკავშირდება. მოსაზრებაა, რომ ეს უკავშირდება მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ორგანიზაციული თუ სხვა ნიჭის გამოვლენას (სამწუხაროა, რომ შს მინისტრი ვინმემ საარჩევნო ორგანიზატორად დაინახა). თუმცა, მთავარი, კანონის უზენაესობის პრინციპი სამართლებრივი საკითხია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურს. საქართველოს პარლამენტმმა, 98-მა დეპუტატმა ამ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი და თქვა, რომ მას არ აინტერესებს კანონის უზენაესობის პრინციპი. ანუ მხოლოდ გახარიამ კი არ უგულებელყო ეს პრინციპი, არამედ - საქართველოს პარლამენტმაც, ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. ეს სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების კომბინაცია ძალიან მაღალი შეშფოთების საგანია. იმედი მაქვს, ქართველი საზოგადოება ამას სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც დადგება არჩევნების დრო“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა